"ე.წ. აფხაზური პასპორტების ცნობაზე საუბარი არ მიმდინარეობს"

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "ე.წ. აფხაზური პასპორტების ცნობაზე საუბარი არ მიმდინარეობს".

ამის შესახებ ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ გააუქმა წესები, რომლებიც აფხაზური და ოსური ე.წ. პასპორტებით გადაადგილებას ზღუდავდა და ეს დოკუმენტები ვალიდურად აღიარა.

"არანაირად არ არის საუბარი პასპორტების ცნობაზე და არც არანაირი ქმდება ჩვენი მხრიდან არ მიმდინარეობს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ამაზე განმარტებები უკვე გააკეთა. ეს არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა", - განაცხადა ზალკალიანმა.