"ევროპარლამენტში აფხაზურის დღის ჩატარება ოფიციალურ ღონისძიებად აღქმული არ არის"

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "ევროპარლამენტში აფხაზურის დღის ჩატარება ოფიციალურ ღონისძიებად აღქმული არ არის".

ამის შესახებ ზალკალიანმა დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამის შესახებ რამდენიმე კვირით ადრე გვქონდა საუბარი ევროპარლამენტის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. მათ მიეთითათ, რომ არის მცდელობა ასეთი დღეების გამართვისა. მე ვერ ვუწოდებდი ამას აფხაზეთის დღეებს. ეს იყო რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩერქეზების დღეების ფარგლებში. ჩერქეზებმა ერთი დღე დაუთმეს აფხაზებს, თუმცა ევროპარლამენტის ყველა წარმომადგენელი ამის შესახებ ინფორმირებული იყო და არანაირი ოფიციალური სახე ამისთვის მიცემული არ ჰქონიათ. მათი მხრიდან ეს აღქმული არ იყო, როგორც ოფიციალური ღონისძიება", - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს ევროპარლამენტში აფხაზური დღე გაიმართა. აფხაზური დელეგაცია ბრიუსელში ევროპის "მწვანეთა პარტიის" მიწვევით იმყოფებოდა.