საფრანგეთში მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საფრანგეთში მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვიზიტი ორდღიანია და მის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლორან ფაბიუსთან, საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან პოლ ჟან ორტისთან, სენატის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და ჯგუფის წევრ სენატორებთან.

ზალკალიანის განცხადებით, მინისტრი ასევე მოინახულებს ლევილს და შეხვდება ლევილის მერს დანიელ ეშპრინს. ვიზიტის დროს დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ფრანგული ანალიტიკური კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან.

ზალკალიანის განცხადებით, ფრანგულ მხარესთან შეხვედრებზე განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე კულტურისა და განათლების სფეროში კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მხარეები შეხვედრებზე მიმოიხილავენ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობებს, ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა საკითხებს.