საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამით 2 500 000 ადამიანი ისრგებლებს

საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამით 2 500 000 ადამიანი ისრგებლებს

საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამით 2 500 000 ადამიანი ისრგებლებს, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ "ექსპო ჯორჯიას" მეექვსე პავილიონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროექტი 24:00 საათიდან უკვე გააქტიურდა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით უკვე დაფინანსებული არის 18 მშობიარობა. მინისტრის ინფორმაციით, დილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყებული არის პაციენტების რეგისტრაცია გეგმიური სერვისების მისაღებად. მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცესი ორგანიზებულია და შეფერხებები არ დაფიქსირებულა.

"ყველას ვინც პირველი ივლისის მდგომარეობით არ მონაწილეობდა კერძო სადაზღვევო პროექტებში, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ის სერვისი, რომელიც გათვალისწინებულია გაფართოებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან. მათ შეუძლიათ მიმართონ ოჯახის ექიმს და მიიღონ ახსნა-განმარტება თუ სად, ვის უნდა მიმართონ დოკუმენტაციის წარმოებისთვის", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, პროექტის დაფინანსება ხორციელდება ე.წ. ნეგატიური სიის მიხედვით.

"ანუ ფინანსდება აბსოლუტურად ყველაფერი გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელიც განთავსდა ნეგატიურ სიაში", - განმარტა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, დღეს ამოქმედებულ პროექტში შეტანილი არის ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვა როგორც ქირურგიული ოპერაციები, ინტერვენციები, ასევე სპეციალისტის კონსულტაციები.

ამასთან, საქართველოს მასშტაბით გახსნილი არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვის ცენტრები. თბილისში აღნიშნული სერვისცენტრი განთავსდა "ექსპო ჯორჯიას" მეექვსე პავილიონში, რომელიც 09:30 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.