სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2012 წლის ანგარიშს აცნობს. როგორც ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა, ზოგადი ტენდეცია აჩვენებს, რომ გარკვეულ სფეროებში 2012 წლის ანგარიშის შემდეგ, დადებითი ძვრები შეინიშნება. ამასთან, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დღეს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან 2012 წლის ანგარიშთან დაკავშირებით პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იმართება.
"ჩვენ, დღევანდელ შეხვედრაზე მოვიცავთ ყველა იმ მოვლენას და ტენდენციას, რომელიც გასულ წელს იყო და მიმდინარე წლის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებსაც შევეხებით. მთავარია დავინახოთ რა იცვლება ქვეყანაში. ანგარიშის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა პრობლემები კვლავ არის. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ სფეროებში დადებითი ტენდენცია შენიშნება, ეს ეხება რამდენიმე საკანონმდებლო ნორმის შეცვლას, მაგრამ არის პრობლემები და სერიოზული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება პროცედურული უფლებების დარღვევას, ასევე თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს და შეუწყნარებლობის ფაქტებით გამოვლენილ რელიგიურ თუ სხვა საკითხებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა. როგორც მან აღნიშნა, გაეროს უმაღლესი კომისარიატისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრა, პირველ რიგში, დევნილების საკითხებთან დაკავშირებული ინტერესიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი, თუმცა მის ორგანიზაციას ზოგადი ვითარებაც აინტერესებს.
"მნიშვნელოვანია, რომ გავეცნობით ამ ანგარიშს. ჩვენ არა მთავრობებს, არამედ საზოგადოებას ვუჭერთ მხარს და გვსურს საქართველოში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესოა ლტოლვილთა მდოგომარეობა, თუმცა გვაინტერესებს ზოგადი მდგომარეობა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლის ანგარიში აღნიშნულ ანგარიშთან შედარებით უკეთესი იქნება", - განაცხადა სიმონე ვოლკენმა.