საპარლამენტო ასამბლეა ეუთო-ს მოუწოდებს, აღადგინოს საქართველოში მონიტორინგი

საპარლამენტო ასამბლეა ეუთო-ს მოუწოდებს, აღადგინოს საქართველოში მონიტორინგი

სტამბოლში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარული სესია მიმდინარეობს. ასამბლეის პლენარული სესიის ფარგლებში უკვე გამოქვეყნდა რეზოლუციების პროექტები. 

როგორც პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეუთო-ს მოუწოდებს გააქტიუროს ძალისხმევა დაურეგულირებელი კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით და დაჟინებით მოუწოდებს ეუთო-ს წარმომადგენლობას გააორმაგოს ძალისხმევა კავკასიასა და მოლდოვაში ტრაგიკული კონფლიქტების მოგვარების მხრივ.

"ამასთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ეუთო-მ აღადგინოს საქართველოში მონიტორინგი და შეინარჩუნოს და გააძლიეროს ეუთო-ს ოფისები ბაქოსა და ერევანში ისევე, როგორც თავისი მისია მოლდოვაში", - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც საქართველოში 2008 წლის ომის შედეგების გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების შემცირებასა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოუწოდებს ეუთო-ს გააძლიეროს მუშაობა საქართველოში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის", - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ლიტველმა ვილია ალეკნაიტე აბრამიკენემ წარადგინა.

სტამბოლში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლურ პლენარულ სესიაზე წელს 57 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს, რომლებიც უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.