ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა პირებმა შესაძლოა დამატებითი უფლებები და დაცვის გარანტიები მიიღონ.
ამ მიმართულებით საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ინიციატორია ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე, ხოლო ავტორი - ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ცვლილებები და დამატებები "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონსა და მასთან ერთად, კიდევ 11 სხვადასხვა კანონში შედის.
როგორც საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შემუშავებული ინიციატივები ევროსაბჭოს 2011 წლის 12 აპრილის კონვენციას და ამ კონვენციით აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ეფუძნება.
პროექტის თანახმად, მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართოს, კანონით დადგენილი წესით კომპენსაცია მიიღოს, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით, უფასო სამართლებრივი დახმარებითა და წარმომადგენლობით სასამართლოში თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.
პროექტის მიხედვით, თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია, უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, საქართველოში ყოფნისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
პროექტის მიხედვით, რეგულირდება ოჯახურ დანაშაულებზე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის საკითხი. ასეთი მოწმის დაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლისა ან ფსიქოლოგის დასწრებით ჩატარდეს. ამასთან, პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანი დაკითხვა მოძალადე მშობლის თანდასწრებით, ან მათთვის არასრულწლოვანის მიერ მიცემული ჩვენების გაცნობა.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირების საკითხს უთმობს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მათთვის გასაგებ ენაზე გააცნონ ინფორმაცია, ქვეყანაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. ასევე პოლიცია და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მწარმოებელი სხვა ორგანოები ვალდებულნი ხდებიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყონებლივ აცნობონ მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
კანონპროექტი ყურადღებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხსაც უთმობს - მასში გათვალისწინებულია ნორმა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი თავშესაფრით არ სარგებლობს და სურს, საცხოვრებელ ადგილზე დარჩეს, დამცავი ან შემაკავებელი ორდერით მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილისაგან მოძალადის განრიდების საკითხი განისაზღვრება. აღნიშნული ორდერის შესაბამისად, პოლიცია უფლებამოსილია, მოძალადე მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილს განარიდოს და ეს იმ შემთხვევაშიც გააკეთოს, თუკი მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილი მოძალადის საკუთრებას წარმოადგენს.
კანონპროექტი ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე მათი კონსულტირების მიზნით 24-საათიანი უფასო სატელეფო დახმარების ხაზის შექმნასა და მისი ფუნქციონირებას ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაფარვით ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, მთავრობამ 2014 წლის 1 დეკემბრამდე უნდა შეიმუშავოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის წესი და მისი გაცემის პროცედურა. ასევე მთავრობამ მომავალი წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდენით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა.