ვინც უნდა იყოს დამნაშავე - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე, თუ ჩემი ოჯახის წევრი, უნდა დაისაჯოს , - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოჩანაწერებს.
ამასთან, მისივე განმარტებით, განზე დგომის მორალური უფლება არ აქვს და წინა წლების შეცდომების ტვირთი თავადაც უნდა ატაროს.
"ის ბრალდებები და ფირები, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, შოკის მომგვრელი და მიუღებელია. მთავარი კითხვა, რასაც ჩემს თავს ვუსვამდი ამ ბოლო პერიოდში, არის ის, რა მეთქვა ხალხისთვის? საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ეს არ ვიცოდი. საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ამას ვემიჯნები? მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში არცოდნა და ასეთი დანაშაულისგან გამიჯვნა საკმარისი არ იყო, რადგან მიმაჩნია, რომ მაქვს მორალური ვალდებულება, რომ წინა წლებში ვიყავი ამ გუნდის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მე მაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩე იქ, სადაც ვიყავი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შეფასდეს წარსული, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, აღდგეს ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და წინ წავიდეს. დღეს ჩვენ შოკიდან შოკამდე, სტრესიდან სტრესამდე ვცხოვრობთ და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება... ეს არის სასტიკი და გულისამრევი დანაშაული, არც ერთი ის ადამიანი არ იმსახურებს პატიებას, ვინც ამ დანაშაულს პირადად სჩადიოდა ან იცოდა, რომ ასეთი რამ ხდებოდა და თვალს ხუჭავდა, ან კიდევ ვინმეს ავალებდა ამის გაკეთებას. ჩემთვის ღირსების საქმეა, ხელი კი არ დავაფარო ამის ჩამდენებს, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ძალიან მკვეთრად ვიტყვი _ თუ გამოძიებით დასაბუთდება, რომ დანაშაული მიდის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებთან, ვინც უნდა იყოს დამნაშავე, მის დასჯას მოვითხოვ. უნდა დაისაჯოს, ვინც უნდა იყოს დამნაშავე - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე თუ ჩემი ოჯახის წევრი", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
უმცირესობის ლიდერის მტკიცებით, წარსულის შეფასებისას მისთვის მთავარი ობიექტურობაა.
"მწვავე თემაა ე.წ. პოლიტპატიმრების თემა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში 200 პოლიტპატიმარი ვერ იქნებოდა, როდესაც ბელორუსსა და ჩრდილოეთ კორეაში ერთად 20 პოლიტპატიმარია, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას სახელმწიფო უკანონოდ მოექცა. ამიტომაც, როდესაც წარსულის ობიექტურად შეფასებაზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის ეს ადამიანები არ არიან გათავისუფლებული დამნაშავეები, მაგრამ მათ არც პოლიტპატიმრებს ვუწოდებ. რადგან მათ სახელმწიფო უკანონოდ მოექცა, ბოდიში უნდა მოვუხადოთ და გამოვასწოროთ ის უკანონობა", - განმარტავს ბაქრაძე.
გარდა აღნიშნულისა, ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებსა და კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატზეც საუბრობს. ბაქრაძის აზრით, გიორგი მარგველაშვილის მთავარი სისუსტე მის მთავარ სიძლიერეშია.
"მისი მთავარი სიძლიერე კი ის არის, რომ ივანიშვილის კანდიდატია, რომელიც პრემიერმა მეგობრობისა და კომფორტულობის გამო შეარჩია, მაგრამ მარგველაშვილის სისუსტეა ის, რომ ამ ნიშნით შერჩეული კანდიდატი ვერასოდეს შეძლებს მთავრობის გაკონტროლებას", - განმარტავს უმცირესობის ლიდერი.
ამასთან, "კვირის პალიტრასთან" საუბარში ბაქრაძე პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნულს ნაადრევად მიიჩნევს.
"არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი მალე წავა. მიმაჩნია, რომ ივანიშვილი მთავრობიდან არ უნდა წავიდეს. შარშან, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ხალხმა ხმა მისცა არა მარგველაშვილს, არამედ ივანიშვილს. ხალხის ნდობა და ყველა ის დაპირება, რომელიც "ოცნებამ" გასცა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ნაადრევია. ხალხი მისგან ბევრს ელოდება და მისი, როგორც პოლიტიკოსის ვალია, დარჩეს და შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელიც ხალხს მისცა", - აღნიშნავს ბაქრაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.