ხვალიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა.
პროგრამაში 425 პროვაიდერი დაწესებულებაა ჩართული. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 41 713 პაციენტს გაეწია, 15 275 კი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი გაიხარჯა.
პროგრამის მოსარგებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდებზე: www.moh.gov.gewww.ssa.gov.ge მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიც 15 05.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ, 11.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-6 პავილიონში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს.