"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, წინა მთავრობის დროს იყო შეცდომები და "ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ქუთაისში, ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის ფარგლებში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.
ბაქრაძემ გამოყო ორი მთავარი შეცდომა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იყო დაშვებული.
პირველი შეცდომა, ბაქრაძის განცხადებით, არის ის, მათ ვერ შეძლეს ეკონომიკური ზრდა ხალხამდე მიეტანათ. "ძალიან ხშირად, ეს ეკონომიკური ზრდა, რაზეც ვსაუბრობდით, ვერ მიდიოდა უბრალო ადამიანების ოჯახში. ადამიანებს, როდესაც რთავდნენ ტელევიზორს და უყურებდნენ სადღაც აშენებულ ლამაზ შენობას, სადღაც გახსნილ ახალ, ლამაზ უბანს, ისეთი განცდა ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი მათ ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა და ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი სამომავლოდ, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება მეორე შეცდომას, მისი თქმით, ეს ეხება სახელმწიფოს და ბიზნესის დამოკიდებულებას. "თუ მკაცრი ადმინისტრირება სრულიად აუცილებელი იყო პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ შემდგომ წლებში მკაცრი ადმინისტრირება იყო პრობლემური. პრობლემური იყო ის, რომ ზედმეტად მკაცრად ხდებოდა საგადასახადო სამსახურების მხრიდან ბიზნესების შემოწმება. პრობლემური იყო ის, რომ ზედმეტად მაღალი იყო ჯარიმები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. მე, როგორც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასეთი მაღალი ჯარიმები უნდა ყოფილიყო შემცირებული. პრობლემური იყო ის, რომ ხშირად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იყო ჩარევა ბიზნესში და არ იყო მომხდარი ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია. პრობლემური იყო ის, რომ მიუხედავად ბევრი საკანონმდებლო გარანტიისა, არ არსებობდა კერძო საკუთრების დაცულობის უფლება. ამ თვალსაზრისით დღესაც არის პრობლემა და იყო წინა წლებშიც", - განაცხადა ბაქრაძემ.