ნატო გოგელია და დათო ჩხიკვაძე, "გურიანიუსი" "
"ადითი" ებრაული სიტყვაა და ქართულად "მომავლის იმედს" ნიშნავს, თუმცა, "ადითმა" ჩოხატაურელ მედიკოსებს იმედები ვერ გაუმართლა. კომპანიამ ჩოხატაურის საავადმყოფო ორი წლის წინ შეიძინა და აიღო ვალდებულებაც, რომ მომავალ წელს ჩოხატაურს ახალი საავადმყოფო ექნებოდა, მაგრამ მშენებლობა ჯერ დაწყებულიც კი არ არის. როგორც ამბობენ, ჩოხატაურის საავადმყოფოც ცნობილი "ნაციონალური" პროგრამის _ "ასი ახალი საავადმყოფოს" ბედს გაიზიარებს და ახალი კლინიკა, თანამედროვე აპარატურით, მხოლოდ დაპირებად დარჩება. ერთადერთი რეალობა, რაც ამჟამად ჩოხატაურის საავადმყოფოშია ის არის, რომ მედპერსონალს სამარცხვინოდ შემცირებული და რამდენიმე თვის აუღებელი ხელფასები აქვთ. სამი თვის განმავლობაში ურთულესი და უაღრესად საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ და ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლად შეიძლება ჩავთვალოთ.
ერთი თვის სახელფასო დავალიანება ჩოხატაურის მედპერსონალმა, პარასკევს, მას შემდეგ აიღო, რაც ჩვენმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმები გაფიცვას გეგმავდნენ. მათ სახელფასო ბარათებზე მხოლოდ ოქტომბრის თვის ხელფასები ჩაირიცხა, რამაც ღვაწლმოსილი მედიკოსები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოიყვანა.
გაფიცვის გამო, ჩოხატაურის საავადმყოფოში არ მიიღეს მოქალაქე მაია გიორგაძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საავადმყოფოში შვილი ჰყავდა მიყვანილი, რომელმაც ფეხზე ნაჯახი დაირტყა. ექიმების განმარტებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ იყო და ამიტომაც გააგზავნეს სხვაგან.
– ჩვენ მოწოდებით ექიმები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი მოთხოვნით გავიფიცეთ, არ დავუშვებდით, რომ მძიმე პაციენტი არ მიგვეღო. არ იყო მძიმე დაზიანება და სხვაგან გავაგზავნეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროტესტის ამ ფორმას. ისედაც შემცირებული ხელფასები გაქვს და იმასაც ვერ ვიღებთ, –აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქირურგმა ნინო ცინცაძემ.
როგორც ექიმებმა გვითხრეს, "ადითმა" ხელშეკრულებები ოქტომბერში შეცვალა და მედპერსონალი გამომუშავებით ანაზღაურებაზე გადაიყვანა:
– სექტემბრის ჩათვლით, მოჭრითი ხელფასები გვქონდა. ოქტომბრიდან გამომუშავებაზე გადაგვიყვანეს. კაპიკები გამოგვდის. პურის ფულიც კი ვერ მიგვაქვს სახლში. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ექთნები და სანიტრები. სექტემბერში შედარებით მაღალი ანაზღაურება იყო და იმიტომაც არ ჩამორიცხეს. ხალხს ვალები და სესხები აქვს აღებული. არ ღირს ამ პირობებში მუშაობა, _ გვითხრა ქირურგმა ცისანა გოგოლაძემ.
საავადმყოფოს ექთანი, ლელა გავაშელიშვილი ამბობს, რომ სახელფასო ანგარიშზე კუთვნილი 110 ლარის ნაცვლად, 58 ლარი დაერიცხა:
– ამ თანხისთვის ხელი არ მიხლია, რადგან სამარცხვინოა; ამ სამარცხვინო ხელფასზე დღე და ღამის თენებით ვერ ვიმუშავებ. არც სასწრაფოზე და არც აქ, საავადმყოფოში, ნამდვილად არ მიღირს, –აღნიშნა გავაშელიშვილმა.
ჩოხატაურელ ექიმებს არ დალაპარაკებია შპს "ადითის" ჩოხატაურის საავადმყოფოს ხელმძღვანელი თემურ კოროშინაძე, რომელსაც აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, დავით ცირეკიძე მოადგილესთან ერთად ესტუმრა და მის კაბინეტში საკმაოდ დიდხნიანი თათბირი გამართეს. ჩვენ შევძელით მოგვესმინა მათი საუბარი, რომლებიც ექიმების აქციაზე გასვლის მიზეზებს ეხებოდა. მოგვიანებით, ცირეკიძემ, თავისი თანამშრომელი, გიორგი ბაიაჯანი, საავადმყოფოს დარბაზში, გაფიცულ ექიმებთან გააგზავნა თხოვნით, რომ მას გასაუბრებოდნენ, თუმცა უარი მიიღო. ბაიაჯანის უშედეგო ვიზიტის შემდეგ, თანამშრომლებთან უშუალოდ კოროშინაძე ჩავიდა და სთხოვა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს დალაპარაკებოდნენ; ამ შეთავაზებამ ექიმები გააბრაზა.
–რა საქმე გვაქვს პოლიციასთან ან მათ რა უნდა მოგვიგვარონ?! _ აღნიშნეს ექიმებმა.
პოლიციის შეფებს მხოლოდ ორი ექიმი –ცისანა გოგოლაძე და ზურაბ ყაჭეიშვილი შეხვდნენ. "გურია ნიუსმა" კაბინეტური საუბარი ჩაიწერა. ამ ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ თხოვს დავით ცირეკიძე გოგოლაძეს და ყაჭეიშვილს, რომ საღამომდე გადაუდებელი პაციენტები მიიღონ:
–გპირდებით, რომ პრობლემებს აუცილებლად მოგიგვარებთ, _ ეუბნებოდა ცირეკიძე ექიმებს. შეგახსენებთ, რომ ცირეკიძე პოლიციის სამმართველოს უფროსია და არა ჯანდაცვის სამინისტროს ან "ადითის" წარმომადგენელი!
თემურ კოროშინაძემ არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომ გამოიძახა პოლიცია და რატომ მიანდო ძალოვანებს ამ პრობლემის მოგვარება. მხოლოდ ის გვითხრა, რომ პოლიცია მას არ გამოუძახებია. კომენტარი არც სამხარეო პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ გააკეთეს. პოლიციასთან შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა ცისანა გოგოლაძემ. ზურაბ ყაჭეიშვილმა კი აღნიშნა, რომ პოლიციელები მათ ხელფასების მიღებას დაპირდნენ.
–მეც გამიკვირდა პოლიცია რომ მოვიდა. ასეთი რამ არც კი გამიგია. გვითხრეს, რომ საღამომდე ხელფასები ჩაირიცხებოდა. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენებთ ჩვენს მინისტრს (?!), თქვენს მინისტრსაც და პრობლემები მოგვარებული იქნებაო, პოლიციის უფროსებმა ასე გვითხრეს და სხვა რამის თქმა მე არ შემიძლია, –აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაჭეიშვილმა.
მედიკოსები ამაოდ ელოდებოდნენ ჩოხატაურის გამგებლის, ლელა იმედაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის მოსვლას. ეს უკანასკნელი, საკრებულოს თავმჯდომარეობამდე საავადმყოფოს დირექტორი იყო და მან ყველაზე უკეთ იცოდა რა პრობლემები ჰქონდა და აქვთ მედიკოსებს; მით უმეტეს, რომ მისი მეუღლეც ამავე საავადმყოფოს თანამშრომელია.
ჩოხატაურის გამგებელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ ის ჩოხატაურში არ იმყოფებოდა და ამ მიზეზით ვერ მივიდა აქციაზე:
–მიუხედავად იმისა, რომ იქ მისვლა ვერ მოვახერხე, საქმის კურსში ვარ. პრობლემის შესახებ იცის გუბერნატორმაც, რომელიც პირადად ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და მედპერსონალი დარჩენილ დავალიანებას დღის ბოლომდე მიიღებეს, –აღნიშნა გამგებელმა.
რაც შეეხება ანტონ ხუნდაძეს, როგორც გვითხრა, ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალს გამგებლის მოსვლის შემდეგ, იმედაშვილთან ერთად შეხვდება.
ექიმები კი ამბობენ, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დღეიდან ჩოხატაურის საავადმყოფო არცერთ პაციენტს არ მიიღებს.
963
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85