გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აპირებს. როგორც ვაშაძემ დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა, ის დარჩება პარტიაში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე ვაპირებ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას. არ ვაპირებ ამას. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეს არის იდეის და არაერთი ადამიანის გარშემო მოქმედი პარტია. მე ვერ დავტოვებ კოლეგებს და ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა ათასობით ადამიანის. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, რომ ვიყო ამ პარტიაში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.