გიორგი გირკელიძე, "გურიანიუსი"
ოზურგეთში, "ქართული ხმების" კონცერტი, სახელწოდებით – "ოთხი დაკარგული სიმღერა" გაიმართა. ლეგენდარული ანსამბლის ძველი თაობის წარმომადგენლების კონცერტის ჩატარება ბევრისთვის იმ დღეს გახდა ცნობილი. ღონისძიება "ქართული სულის" ეგიდით ჩატარდა და დასწრება უფასო იყო. ანსამბლის წევრები ორი საათის განმავლობაში იხსენებდნენ ნაადრევად გარდაცვლილ მეგობრებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ხმების ისტორიაში _ გოგი დოლიძე, დათო გოგიაშვილი, გურამ თამაზაშვილი და ზაურ ბოლქვაძე. სწორედ ამ ოთხი ადამიანის ცხოვრების შესახებ მოუთხრობდა აუდიტორიას თემურ ჭკუასელი, რომელმაც ემოციები ვერ დამალა. ემოციები გადაედო მაყურებელსაც, რომლის სიმცირე დარბაზში ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. მათ "გამყინვარებას" გაუძლეს და "ქართულ ხმებს" ბოლომდე მოუსმინეს. ღონისძიებას არ ესწრებოდა მხარის გუბერნატორი, მისი მოადგილეები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, არც მისი ორი მოადგილე. დარბაზში გამოჩნდა ერთ-ერთი მოადგილე ვლადიმერ ქვილორია. ხსოვნის საღამოს საჯარო მოხელეების სიმცირე ეტყობოდა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა "დადო პატივი" მსოფლიოში აღიარებულ ანსამბლს და მქუხარე ტაშსაც არ აყოვნებდნენ ყოველი გამოსვლის შემდეგ. ღონისძიების დასასრულს ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ "ქართული სულის" (რომლის დამფუძნებელი თვითონ არის) ჯილდო და ოქროს მედალი შემოქმედელ მიტრიპოლიტს მეუფე იოსებს (ის ხსოვნის საღამოს არ ესწრებოდა) და ანსამბლს "შვიდკაცას" გადასცა.
ხსოვნის საღამოს დასრულების შემდეგ, თემურ ჭკუასელმა "გურია ნიუსის" კითხვებს უპასუხა: –მე ამას კონცერტს არ დავარქმევდი. იმიტომ, რომ ეს იყო ხსოვნის საღამო. პირველად თბილისში ჩატარდა, შემდეგ –ახალციხეში, ურეკში და ოზურგეთში. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედ ვუძღვები ამ საღამოს, ტექსტიც ჩემი დაწერილია, შეატყობდით, ხმა ამიკანკალდა ერთი-ორჯერ. ეს ბუნებრივია. თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს –ძალიან დიდ მუხტს და სიყვარულს ვგრძნობდით მათგან. დარბაზიდან იყვირა კიდევაც ერთმა მაყურებელმა – მიყვარხართო.
–მოწვევა ვისგან გქონდათ?
– მოწვევა არ გვქონია. საღამო "ქართული სულის" ეგიდით ჩატარდა. რომ გითხრათ, თავგადაკლული მოწვევა იყო,-თქო, ასე ნამდვილად არ ყოფილა.
– როგორც ვიცი, შეხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და მასთან ღონისძიების დაფინანსებაზეც გქონდათ საუბარი.
–მე შევხვდი პირადად. მასთან ჩვენ არანაირ თანხაზე არ გვქონდა საუბარი. უბრალოდ, ვუთხარით, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რამდენიმე დღით, დაბინავების საკითხის გადაჭრა.
–და რა პასუხი მიიღეთ?
–დადებითი პასუხი მივიღეთ. მთავარი ის არის, რომ ეს საღამო ჩატარდა. არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, არ მაქვს ამის სურვილი, ერთი რაღაცის გამო –ეს იყო ხსოვნის საღამო და ძალიან კარგი ღონისძიება.
–როგორც ვიცი, რამდენიმე ქალაქში უნდა ჩაგეტარებინათ კონცერტი, მაგრამ ვეღარ ატარებთ. რა მოხდა?
–ბათუმიდან, ქუთაისიდან, ლანჩხუთიდან და ზესტაფონიდან უარი მივიღეთ.
–რა იყო მიზეზი?
–მიზეზი, რა თქმა უნდა იყო ფინანსები, მაგრამ როგორც გვითხრეს ახლობლებმა, უარი თანხის გამო არ მიგვიღია.
–თქვენი აზრით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება?
–სავარაუდოდ, კი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჩემი მეგობრები არიანო, მერე მივიღეთ უარი. ხაზგასმით მინდა ერთი რამ ვთქვა– ის ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა ღონისძიების ჩატარების თაობაზე, ისინი უფრო არიან შეწუხებულები, ვიდრე –ჩვენ. ის ხალხი აიძულეს, ეს გაეკეთებინათ, თუმცა ვინ, ეს აღარ ვიცი.
884
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85