ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებები გადაიდო

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებები გადაიდო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გერმანიის წინადადებას, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში მაინც გადაიდოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, ევროკავშირი-თურქეთის მოლაპარაკებები ხვალისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა გერმანიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა თურქეთი ანტისამთავრობო აქციების დარბევისთვის მკაცრად გააკრიტიკეს და მოლაპარაკებების გადადება მოითხოვეს.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პოლიციამ კიდევ 20 ადამიანი დააკავა სტამბოლში სამართალდამცავებზე თავდასხმის ბრალდებით. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს ასევე ბრალს სდებენ "ტერორისტული ორგანიზაციის" წევრობაში.

თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო.