2004-2012 წლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები ახალი ტაძრის აშენებას ითხოვენ

2004-2012 წლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები ახალი ტაძრის აშენებას ითხოვენ

სპორტის სასახლის მიმდებარე სკვერში, 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი ტაძრის აშენებას ითხოვენ.
აღნიშნულ სკვერში, დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა გრიგოლ გოგლიჩიძემ 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს სოსო რობაქიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, თემურ შაშიაშვილი, დაღუპულთა ახლობლები, ოჯახის წევრები და მრევლი ესწრებოდა. მათ სკევრში აღმართულ ჯვართან სანთლები დაანთეს და პანაშვიდის მსახურება შესრულდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, ამ ტერიტორიაზე ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით მერიას მიმართავენ და ასევე ითხოვენ თანადგომას საპატრიარქოსთან, რათა ამ ადგილზე ტაძარი აშენდეს.

მამა გრიგოლ გოგლიჩიძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტაძარი იქნება ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის. მისივე თქმით, 2007 წლიდან, აღნიშნულ ადგილზე ტაძრის აშენებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. მან ხელმოწერებიც შეაგროვა, რომ მოსახლეობა ტაძრის აშენებას ითხოვდა, თუმცა მერიის თანამშრომლები ამას სკეპტიკურად უყურებდნენ.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს ტაძარი აუცილებელად უნდა აშენდეს 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთათვის. სოსო რობაქიძის ინფორმაციით, 125 ბიჭია ქუჩაში ჩახოცილი.