"ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს წასვლა/არწასვლა, ანუ ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე"

ექსპერტ გია ნოდიას აზრით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს წასვლა/არწასვლა, ანუ ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე.

ნოდიას თქმით, ეს არის ყველაზე უარესი სცენარი ქართული დემოკრატიისთვის და თუ ივანიშვილს მართლა აქვს გადაწყვეტილი წასვლა პოლიტიკიდან, ეს რეალურად უნდა გააკეთოს და არა გვერდით გადგეს და იქიდან ჩაერიოს პოლიტიკურ მმართველობაში.

"პრემიერის განცხადება გაურკვევლობას და ბუნდოვანებას ქმნის ქართულ პოლიტიკაში. გამოდის, რომ ერთი ადამიანის ხუშტურეებზეა დამოკიდებული ყველაფერი და ის ერთიც არ გვეუბნება რას აპირებს. ეს უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა მისი ნებაა და მისი გადასაწყვეტია. ერთი მხრივ, მან შეიძლება თქვას, რომ მისი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მოშორება იყო, რაც განახორციელა და ახლა სხვამ მიხედოს საქმესო, თუმცა "ქართული ოცნება" მოვიდა კონკრეტული დაპირებებით, რომელზეც პასუხისმგებელი პირი ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ვერ იარსებებს", – განაცხადა ნოდიამ და დასძინა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, რეალურად უნდა წავიდეს და მთავრობის საქმიანობაში აღარ უნდა ჩაერიოს.

"იდიოტები არ ვართ და ბავშვები არ ვართ და არავის ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" მართლა პოლიტიკური პარტიაა და კოალიცია ძლიერია. ეს არის ბავშვი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც უნდა კოვზით საჭმელი აჭამოს. ამასთან, ივანიშვილის წასვლა ლეგიტიმურობის თვალსაზრისითაც ქმნის პრობლემას, რადგან ყველამ იცის, რომ ხალხმა მას მისცა ხმა და არა კოალიციაში შემავალ სხვა ძალებს", - განაცხადა ნოდიამ.

მისივე ვარაუდით, ივანიშვილის წასვლა ერთვარ "ბარდაგს" გამოიწვევს და მისი გუნდის წევრები მარტივი ვარაუდით, ერთმანეთს დაერევიან და ერთ-ერთი გაიმარჯვებს, თუმცა როდის მოხდება, ეს პროგნოზირება წარმოუდგენელია.

ამასთან, ნოდია აცხადებს, რომ ივანიშვილი თავიდანვე არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა საზოგადოებამ ის ასეთი არათანმიმდევრული განცხადებებით აირჩია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება პრემიერს შემცვლელი, გია ნოდიას თქმით, აქამდე მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტდა საკადრო პოლიტიკას და თუ ივანიშვილს სურს, რომ დაამტკიცოს მისი გუნდი მართლაც მომწიფებულია, პირველ რიგში მათ საშუალება უნდა მისცეს, პრემიერ-მინისტრის შემცვლელის არჩევაში არ ჩაერიოს.