„რუსთავი 2“–ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

„რუსთავი 2“–ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა დავით კიკალიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

როგორც წამყვანმა დღეს გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა, „პოსტსკრიპტუმის" სიუჟეტებში წლების განმავლობაში მოწმეთა აღიარებითი ჩვენებები გამოიყენებოდა და თუ დადასტურდა, რომ გამოყენებული ჩვენებები სამართალდამცველთა მიერ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შედეგად იქნა მიღებული, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ძალას არ დაიშურებს, აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია".

,,არ მინდა დავემსგავსო ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ სტალინმა არ იცოდა. ,,პოსტსკრიპტუმი" გარკვეულწილად საავტორო გადაცემაა და თავს უფლებას მივცემ და პირველ რიგში თანადგომას გამოვუცხადებ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს, მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი მომხდარის გამოვლენასა და აღმოფხვრას. ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას ,,პროსტსკრიპტუმში" მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხვევაში გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პროკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები. თუ დადასტურდა, ხაზს ვუსვამ, თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი კანონდარღვევით იყო მოპოვებული, ,,პოსტსკრიპტუმი" ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება", - განაცხადა დავით კიკალიშვილმა.