იარაღის კუსტარული საცავები შესაძლოა, მტირალას მთაზეც არსებობდეს

იარაღის კუსტარული საცავები შესაძლოა, მტირალას მთაზეც არსებობდეს

იარაღის კუსტარული საცავები შესაძლოა, მტირალას მთაზეც არსებობდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაზეთი "კვირის პალიტრა" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იარაღის კუსტარული საცავები მტირალას მთაზე 2010 წლის ზაფხულამდე გააკეთეს.

"შს სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი სპეციალური საცავები, სადაც უკანონო იარაღი ინახებოდა, არ არის ერთადერთი საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, 2009 წლის შემოდგომიდან 2010 წლის ზაფხულამდე, ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის სამხედროებმა, მტირალას მთაზე იარაღის კუსტარული საცავები გააკეთეს - თხრილებში დამალეს დაახლოებით ორასი კასრი (200-ლიტრიანი), რომლებშიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, ტყვია-წამალი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი იყო ჩაწყობილი", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, "კვირის პალიტრა" იმასაც განმარტავს, რომ ამ საცავების მოწყობას წინ ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება უძღოდა.

"ადლიაში სპეციალურად წარგზავნილი ბაჩანა ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი, სერჟანტი უპრეცედენტოდ სწრაფად დაწინაურდა, რამდენიმე დღეში ლეიტენანტი გახდა და ბატალიონის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სამ თვეში კი ბატალიონის მეთაურობა ჩაიბარა. მას შემდეგ, რაც მტირალას მთაზე იარაღის გადამალვა დასრულდა, ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის დაშლის საკითხი დაისვა. ბაზაში მყოფი სამხედროები სხვადასხვა ბრიგადაში გადაანაწილეს, ნაწილი კი დაითხოვეს", - წერს "კვირის პალიტრა".

აღსანიშნავია, რომ გამოცემასთან ინტერვიუში სამალავების არსებობას ადასტურებს შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.

"მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღემდე არის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გადამალული იარაღი. გამოვყოფდი აჭარას, სადაც ფარული საცავები მოაწყვეს. არ არის გამორიცხული, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოვიდა იარაღის ნაწილი, რომელიც ახლა შს სამინისტრომ სამეგრელოში აღმოაჩინა. 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში უკონტროლო სიტუაცია იყო. ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და უსაფრთხოების დაცვაზე კი არა, პოლიტიკური რეჟიმის შესანარჩუნებლად მუშაობდა. თავდაცვის სამინისტროდან ბევრი პირი იყო ჩართული სხვადასხვა დანაშაულში. ისინი ხელმძღვანელობდნენ უკანონო ფორმირებების შექმნას და ასეთი ჯგუფების წევრებს საიდუმლოდ ნერგავდნენ ბრიგადებში. ეს მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. სწორედ ამ ჯგუფებისთვის სჭირდებოდათ გადამალული იარაღი, რომლებიც ყველა რაიონში სჩადიონდნენ დანაშაულს. ათეულობით მოქალაქეა დაკარგული და მოკლული. მაქვს ინფორმაცია, რომ მათი დიდი ნაწილი ანაკლიაში, ზღვის ფსკერზეა, მათი ოჯახის წევრებს კი ჩანაწერებს ასმენინებდნენ, თითქოს ცოცხლები იყვნენ და სხვადასხვა ქვეყნიდან რეკავდნენ. მე მომხრე ვარ, რომ სამალავიდან ამოღებული იარაღის ამსახველი ვიდეომასალა წესების დაცვით გადავიდეს საინფორმაციო საშუალებებით, რათა წინა ხელისუფლების საქმეები ცნობილი გახდეს მასებისთვის", - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.