დავით დარახველიძე - მომენტი, როცა ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, ჯერ არ დამდგარა

დავით დარახველიძე - მომენტი, როცა ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, ჯერ არ დამდგარა

პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელები, როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან, მიიჩნევენ, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ნაადრევია. ამასთან, ივანიშვილის გუნდი ერთსულოვნად აღნიშნავს მის ძველ განცხადებას, პოლიტიკიდან "ახლო პერიოდში, ერთ-ორ წელიწადში" წასვლის შესახებ.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, მომენტი, როცა ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება პოლიტიკა და მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, ჯერ არ დამდგარა.

"ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც მისი ძალისხმევით დადგება მომენტი, როცა დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი იქნება და ქვეყნის განვითარება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, ის აქტიური პოლიტიკიდან საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაინაცვლებს. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობიდან შორს ვართ. მისი ეს განცხადება ძალაში რჩება, თუმცა შესაბამისი მომენტი ჯერ არ დამდგარა და ამაზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია", _ აღნიშნა დარახველიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილიც პოლიტიკიდან ერთ-ორ წელიწადში წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის პირვანდელ განცხადებებს იხსენებს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება დიდი ხნით უნდა გააგრძელოს. "საზოგადოების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. ამასთან, მისიც მესმის, როცა ამბობს, რომ მან ხალხს უთხრა, რომ წელიწადნახევარში პოლიტიკიდან წავა. ამ თემაზე ჩვენ გვექნება დისკუსია. ჩემი აზრით, ქვეყანას ნამდვილად გაუჩნდა სწორი მიმართულებით განვითარების შანსი, მაგრამ ეს შანსები გამყარებული და განმტკიცებული არ არის. საპრეზიდენტო არჩევნებშიც წარმატება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყნის სწორად განვითარების პროცესები იყოს შეუქცევადი და გამყარებული, რათა ადამიანმა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს", _ განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება პრაქტიკულად პირველია საქართველოში იმ თვალსაზრისით, როდესაც ადამიანი არ ცდილობს მაღალ თანამდებობას ჩაებღაუჭოს.