ია მამალაძე: ბიძინა ივანიშვილს ხსნისა და იმედის უზარმაზარი ტვირთი აჰკიდეს

ია მამალაძე: ბიძინა ივანიშვილს ხსნისა და იმედის უზარმაზარი ტვირთი აჰკიდეს

საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, „გურიანიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალებმა რეგიონების მოსახლეობაზე ზეწოლა დაიწყეს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დედაქალაქში კოორდინატორები უკვე გააქტიურდნენ. რა ხდება რეგიონებში?

- ამ მხრივ რეგიონები გამონაკლისი არ არის. მაგალითად, ქუთაისიდან ინფორმაცია გვაქვს, რომ არსებობს ასეთი პროგრამა, სახელწოდებით  „კორპუსი“, რომელიც საბინაო თვითმმართველობებს აყალიბებს. ამ შემთხვევაში, მათ დაიწყეს კარდაკარ სიარული და, რაც ყველაზე საინტერესოა, აგროვებენ მონაცემებს არა მარტო კონკრეტულად ერთი პირის მიმართ, არამედ, მას თუ ჰყავს ოჯახის რომელიმე წევრი ჯარში, საჯარო სამსახურში.

ან ციხეში?

- დიახ, ან ციხეში. ეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებია, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინონ. თანაც, ასეთი რამ მასობრივად ხდება. ანალოგიურად, არსებობს ინფორმაცია, რომ დუშეთის რაიონშიც დადიან და უკვე პოლიციელები ატარებენ აღწერებს. ზუსტად რეგიონს ვერ ვიხსენებ, მაგრამ  მივიღეთ ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება: გროვდება მათი მონაცემები, თუ ვისი მომხრეები არიან ისინი. ამ შემთვევაში, ეს ქაღალდზე არსად არ არის დაწერილი და ამის დოკუმენტირება ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ადამიანებს  მასობრივად ეუბნებიან, თუკი ისინი მხარს არ დაუჭერენ ხელისუფლებას, სოციალურ დახმარებას დაკარგავენ. სხვათაშორის, წინა 2010 წლის არჩევნების დროსაც კონკრეტულად დაფიქსირებული ფაქტების შესახებ სრული, უზარმაზარი ინფორმაცია მქონდა, რაც, საბოლოო ჯამში, ანგარიშებში მოხვდა, მაგრამ იმ მომენტში არავის გამოუყენებია იმისთვის, რომ ამაზე ხმაური აეტეხათ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიაა, ესაა აპრობირებული მეთოდი. ვფიქრობ, როდესაც ისინი საარჩევნო გარემოს შესახებ ლაპარაკობენ, პირველ რიგში, გულისხმობენ იმას, რომ დასხდნენ და მოიფიქრონ მექანიზმები, თუ როგორ მოახდინონ ზეწოლა, დააშინონ ადამიანები, რათა არჩევნებში რაც შეიძლება მაღალი პროცენტი მოიპოვონ.

მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული გაბერილი და მკვდარი სულებით სავსე საარჩევნო სიებია. თქვენ, როგორც კოალიციაარჩევანი თავისუფლებისთვისწევრს, რა ბერკეტი გაქვთ ამის აღმოსაფხვრელად ან სიების გადასამოწმებლად?

- სხვათაშორის, საარჩევნო სიები არაა ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ეს სიები სახელმწიფოებრივ ინტერესებს უკავშირდება. ის, რომ  მოსახლეობა დათვლილი არ გვყავს და ამ დროს კი გვაქვს სოციალური პროგრამები, არ ჩაგვიტარებია მოსახლეობის აღწერა და არ ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რეალურად რამდენია საარჩევნო ასაკის, ეს მარტო არჩევნების თემატიკა არ არის. სხვათაშორის, გასული არჩევნების დროს ძალიან მარტივი სტატისტიკა გავაკეთე და ჟურნალისტებსაც ვურჩევ, ამ ხერხს მიმართონ - ოფიციალური ვებგვერდიდან ავიღოთ სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი მოსახლე გვყავს, რამდენია მათში 16-18 წლამდე ადამიანი, რამდენია პატიმარი და ფსიქიატრიული პრობლემების მქონე, ანუ, ვისაც ხმის უფლება არ აქვს, ეს გამოვაკლოთ და ვნახოთ, რამდენი ამომრჩეველი დაგვრჩება. ნამდვილად არ დაგვრჩება იმდენი, რამდენსაც ჩვენ გვეუბნებიან. ეს მონაცემები ზედაპირზე დევს. თუკი ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწევთ იმას, რომ ჩავატარებთ მოსახლეობის რეალურ აღწერას, შემოვიღებთ ბიომეტრიულ პასპორტებს და გვეცოდინება, რამდენი ადამიანია ხმის მიცემის უფლების მქონე, ეს დანარჩენ სისტემასაც დაალაგებდა.

რა ხდება რეგიონებში, სადაც დედაქალაქთან შედარებით, ნაციონალებს უფრო  აფეტიშებენ?

- დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები ყველგან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საღად აზროვნებენ. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ჩვენ  ერთგვარი პანორამული გამოცემა გავაკეთეთ, სადაც გავაშუქეთ, თუ როგორ ყალიბდება თვითმართველობის ბიუჯეტები ადგილებზე. ყველა რეგიონის მასალა გვქონდა. მოულოდნელად ჩვენთან სამცხე-ჯავახეთიდან მოვიდა მოქალაქე, რომელიც ძალიან გახარებული იყო. ამ დროს კი უმძიმესი სურათი იხატებოდა ყველა რეგიონში. გაოცებული ვიყავი, ამ ადამიანს რა უხაროდა?! მან თქვა ასეთი ფრაზა, - არ ვიცი, როგორ მიხარია, რადგან ვფიქრობდი, რომ ბიუჯეტის უსამართლო გადანაწილება იყო მხოლოდ ჩვენი, ეთნიკური უმცირესობების, პრობლემა და აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველგან ასე ვანდალურად იგეგმება და ხორციელდება ბიუჯეტიო. თურმე, ამიტომ უხაროდა.  ადამიანები ყველგან საღად აზროვნებენ, მაგრამ არის კომუნიკაციის პრობლემა, როდესაც არ იცის ქართული ენა, ახალმა თაობამ უკვე არ იცის რუსული, მათთან კომუნიკაცია ძნელია. ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, რომ შენი მოქალაქის ხმა გესმოდეს.

ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დედაქალაქში აჟიოტაჟია. ამ მხრივ რა შეიცვალა რეგიონებში?

- რა თქმა უნდა, ინფორმაცია რეგიონებშიც აქვთ. სადაც მუშაობს დამოუკიდებელი მედია, იქ პატარ-პატარა თავისუფლების კუნძულები არსებობს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მნიშვნელოვან ტვირთს ჰკიდებენ. მთელი ხსნისა და იმედების უზარმაზარი ტვირთი მოაბეს, რასაც ან იმედგაცრუება მოჰყვება, ან - დიდი წარმატება. ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა დასჭირდება ივანიშვილს, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება მზად არ არის. ჩვენი საზოგადოება იმედებს ამყარებს სხვაზე და ნაკლებად ხედავს თავის თავს ამ პროცესებში. ხალხს სურს, ყველაფერი მზამზარეულად ჰქონდეს და ეს ყველაფერი გააკეთოს რომელიმე ადამიანმა, რომელიც მათ ამას მოუტანს. ბოლო დროს ხშირად მიწევს რეგიონებში ჩასვლა, რა თქმა უნდა, მათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ძალიან დიდი იმედი აქვთ.

არაქართულ მოსახლეობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა განწყობაა?
- არაქართულ მოსახლეობაში ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი. სავარაუდოდ, ალბათ იქაც ასეთივე განწყობაა.

ჭორვილელთა ნაწილი აცხადებს, რომ  თუ  ბიძინა ივანიშვილზე კარგს იტყვიან, გამგეობიდან ზეწოლა განხორციელდება.

- ამ შემთხვევაში, არის  პოზიცია, როცა შეგიძლია არაფერი თქვა. იმიტომ კი არა, რომ პოზიცია არ გაქვს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის შენი საკეთებელი საქმე. აქაც ვხედავ მარტივ გამოსავალს. ადგილობრივებმა საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო ყუთისთვის შეინახონ, რადგან ყველაფერს წყვეტს ბიულეტენი და საკუთარი ხმის დაცვა. ბიულეტენში სასურველი კანდიდატურის ჩაწერა ნიშნავს, რომ განაჩენს ვაწერთ ხელს.

ოპოზიცია თავს იმართლებს, რომ რეგიონებში ჩასულ სააკაშვილს გამგეობიდან მიყვანილი ხალხი, ან ის ადამიანები ხვდებიან ზარ-ზეიმით, რომლებიც ყვითელი ავტობუსებით რეგიონიდან რეგიონში გადაჰყავთ. მაგრამ ხომ არის გაუთვითცნობიერებელი ნაწილიც? ისე, საინტერესოა, 21- საუკუნეში შეიძლება, ვინმე გაუთვითცნობიერებელი იყოს, თუნდაც ჩვენს შორეულ სოფლებში?

- არ მჯერა ამ მითების. ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გაუთვითცნობიერებელი, თუკი მას კონკრეტული ინფორმაცია არ აინტერესებს. თუ აინტერესებს, დღევანდელ პირობებში მიიღებს კიდეც ობიექტურ ინფორმაციას. „გურიანიუსის“ გამომცემელიც გახლავართ და ვებგვერდზე გავაკეთეთ გამოკითხვა, დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? თქვენ წარმოიდგინეთ, 19-20 % აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ანუ, მას ჰყავს მხარდამჭერები. ესაა ილუზია, წარმოდგენა, თითქოს, ნაციონალები არავის სჭირდება.

ამ 19-20 %-ში გამგეობების თანამშრომლები და მათი ახლობლები ხომ არ არიან?

- შესაძლოა, არც იყოს გამგეობის ხალხი. არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც, ასე თუ ისე, კრიტიკული აზროვნების ეშინიათ. კატეგორიულად არ ვამტკიცებ ამას, მაგრამ უკვე მეოთხე თუ მეხუთე ხელისუფლების გამოცვლის პროცესის მონაწილე ვარ და ამას ვხედავ. ესენი არიან ძალაუფლების მოყვარული ხალხი. სულ მაინტერესებდა, რას ნიშნავდა „შიში შეიქმს სიყვარულსო“, რომ გვითხრეს მე-12 საუკუნეში?! სწორედ ასეთ ადამიანებში ვხედავ რუსთველის ამ აფორიზმის დედაარსს. მართლაც, „შიში შეიქმს სიყვარულს“ და, როცა ძალაუფლება გხვდება წინ, გიყვარს. არიან ადამიანები, რომლებიც ასეთნაირად აზროვნებენ.

რეგიონებში ძირითადად მოხუცები არიან დარჩენილნი, ახალგაზრდობა გასულია საზღვარგარეთ. ესეც ხომ არ განაპირობებს თაობის პასიურობას, რომ  ახალგაზრდობა ნაკლებად არის ჩართული საკუთარი ქვეყნის ბედის განკარგვაში?

- ახალგაზრდების წასვლასაც თავისი მიზეზი აქვს: უმუშევრობა, აბსოლუტური აპათია, როცა ხედავ, რომ ისე ბერდები, შენთვის ამ ქვეყანაში ადგილი აღარ არის, მიდიხარ თურქეთში, თანაც, არა პრესტიჟულ სამუშაოზე... ახლა მაგალითად, გურიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თურქეთში კრეფს თხილს, მუშაობს პლანტაციებში, რაც შეიძლება აქაც გააკეთონ, მაგრამ ამისთვის მათ უნდა მისცენ  სულ ცოტა ჰაერი თავისუფლებისთვის. სხვათაშორის, პოლიტიკურად აქტიური და ინტერესიანი ხალხი მაინც შენარჩუნდა 40 წლის ასაკს ზემოთ. მათ აწუხებთ ბევრი პრობლემა, რადგან აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება. ახალგაზრდობა, ჩემი აზრით, უბრალოდ ეძებს თვითგადარჩენის რესურსს, მათ სჭირდებათ გამოკვება, ოჯახის შექმნა.

რატომ მიდიან თურქეთში? აქაც ხომ აქვთ თხილის პლანტაციები?

- ვისაც პლანტაცია აქვს, ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ ურჩევნია, იქ რამდენიმე კაპიკით მეტი აიღოს. აქაური პლანტაციის მფლობელსაც ვერ გაამტყუნებ, რადგან მას არ აქვს ბაზარი, სადაც მოსავალს გაასაღებს. არიან ადამიანები, რომლებსაც დღეს აჭარაში, გურიაში ციტრუსი ულპებათ. ვთქვათ, მოაკრეფინა და დაასაქმა სხვა ადამიანი, მაგრამ მერე კიდევ უარესი ზარალი ნახა. თუკი აქაურ გლეხს გასაღების ბაზარი ექნება, სახელმწიფოც ხელს შეუწყობს, რომ არ იზარალოს, ცხადია, აიყვანს მუშახელს.

რეგიონალურ მედიასთან დაკავშრებით მინდა გკითხოთ. ბოლო დროს რამდენიმე  ჟურნალისტი რეგიონიდან დედაქალაქში დევნის საბაბით გადმოვიდა.

- ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ პრობლემას. მთლად დევნას არ დავარქმევ, ალბათ შესაძლებელია, აქ უკეთესად მოეწყონ, უფრო თავისუფლად იყვნენ წნეხისგან და ცოტა ამოისუნთქონ. ზოგადად, რეგიონებში თითო პატარა მარცვალი დევს, რომელიც ამ წნეხს უძლებს. ვერ გეტყვით, როგორი დასაფასებელია ამ ადამიანების საქმიანობა. რეგიონებში მათთან ძალიან ახლოსაა ეს წნეხი. გამგეობაში, პოლიციაში, საკრებულოში, კუდის, სოდის ადგილობრივ ორგანიზაციებში შესაძლოა, მუშაობდნენ მათი ნათესავები, მეზობლები. მათ ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან. მათზე კრიტიკული მასალის დაწერა კი ნიშნავს ადამიანურ ტვირთსაც, მაგრამ სიმართლე მაინც უმთავრესია.

ჟურნალისტისთვის ყველაზე რთული რომელ რეგიონში მუშაობაა?

- არ გამოვარჩევ. ყველგან ერთნაირი სიტუაციაა. რეგიონებსა და თვითმმართველობებს ჩვენთან რომ ჰქონდეთ ოდნავი თავისუფლება, მაშინ პალიტრა განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ საქართველოში მკაცრი ვერტიკალური სისტემაა, ცენტრი წყვეტს ყველაფერს, ამიტომაც გუბერნატორი, საკრებულოს წევრი თუ გამგებელი - ყველა ერთნაირად იქცევა. ყველა ერთნაირია. ჩვენი ხელისუფლება მათთვის ერთნაირ ყალიბს ასხამს, სადაც ჩვენი საჯარო მოხელეები არიან ჩამოსხმულნი.