ირაკლი ღარიბაშვილი:   საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან

ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან

13 ათასი ფაილი გვაქვს ხელთ და კიდევ მიმდინარეობს დამუშავება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან.

"როგორ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ეჭვი, რომ საქმე გვქონდა ლოკალურ დანაშაულთან, ეს იყო სისტემური დანაშაული. ეს არქივი არ გამზადებულა ერთ კონკრეტულ წელს. 2004-2005 წლის მასალები გვაქვს. მთელი 9 წელი მიდიოდა ფარული გადაღება, კომპრომატების შეგროვება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფო პოლიტიკასთან, ამის გარეშე წარმოუდგენელია ვინმემ რამე გაბედოს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, რომ თურმე მთელი უბედურება ჩხატარაშვილს და ქარდავას გაუკეთებია. დღეს გახდა ცნობილი, რომ ლევან ქარდავას მიღებული აქვს ძალიან ძვირადღირებული საჩუქარი პირადად პრეზიდენტისგან. ჩხატარაშვილი ორჯერ არის დაჯილდოებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ვინც ამ დანაშაულს მხოლოდ ორ პირს აბრალებს, "მათ ინტერესებშია, რამენაირად მოხერხდეს სიტუაციის შემსუბუქება". ღარიბაშვილის განცხადებით, შესაძლოა ვინმეს მასალები ჰქონდეს და მისი გავრცელების რისკი არსებობს, აქედან გამომდინარე, მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს ერთთვიან ამნისტიას მათზე, ვისაც აქვს მსგავსი მასალა, რომ ამის შესახებ განაცხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. იმ შემთხვევაში თუ მასალის გავრცელება მისი სისტემიდან მოხდება, ღარიბაშვილის თქმით, ასეთი პირი სამაგალითოდ დაისჯება.