ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს

"ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს", - ამ სათაურით აქვეყნებს ისრაელის გამოცემა Jerusalem Post ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან , რომელშიც ის საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე საუბრობს.

როგორც საქართველოს პრემიერმა ისრაელის გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ებრაელი ხალხის მიმართ და ყოველთვის სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ეს გამორჩეულად ნიჭიერი ერია.

"საერთოდ, პატივს ვცემ ნიჭიერ ხალხს. ისრაელმა, მსოფლიოს მასშტაბით, საუკუნეების წინ დაამტკიცა თავისი ნიჭიერება. სწორედ ეს არის ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის, მეგობრობისა და პატივისცემის მიზეზი. მეორე რიგში, ეს არის ჩვენი 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია. ქართველები და ებრაელები ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ. საუკუნეების განმავლობაში მათ შორის უთანხმოების ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა. საქართველოში დღემდე არის ნოსტალგია ებრაული დიასპორის მიმართ. მას შემდეგ, რაც ისრაელი უფრო და უფრო გაძლიერდა, რასაც მივესალმებით, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძმები, ქართველი ებრაელები, რომლებმაც ისრაელს მიაშურეს. მე ბევრ რუს და ფრანგ ებრაელს ვიცნობ, მაგრამ ვერც ერთ ქვეყანაში მონახავ ებრაელს, რომელსაც ისეთ დონეზე შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ეროვნულობა, როგორც ეს საქართველოშია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს ისრაელის მცხოვრებლებმა საქართველოში ბიზნესი აწარმოონ, ისრაელი კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდეს.
"ადრე სააკაშვილსაც ვურჩიე, რომ მოეზიდა ებრაელი ბიზნესმენები, მაგრამ მან სულელური შეცდომა დაუშვა და გაურკვეველი მიზეზების გამო დააპატიმრა ებრაელი ბიზნესმენები. ამ ნაბიჯით საქართველოსა და ისრაელს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები თითქმის გაანადგურა. ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. მე არ ვმალავ ამ ფაქტს, არამედ ამას ღიად ვაცხადებ. ჩემი ქვეყნისთვის კარგი იქნება მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ ისრაელთან და მის მცხოვრებლებთან. არჩევნების პერიოდში, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ვსტუმრობდი, ხალხის ერთ-ერთი სურვილი ისიც იყო, რომ მათი ებრაელი ძმები უკან, საქართველოში დამებრუნებინა. მე კი ვპასუხობდი, რომ ისრაელი ძლიერი სახელმწიფო გახდა, თუმცა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან დაპირისპირებულ გარემოში ცხოვრობს. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ებრაელი ბიზნესმენების მოსაზიდად. ჩვენ ვაღდგენთ ყველა სინაგოგას, რათა მათ ისეთი პირობები ჰქონდეთ, როგორც მანამდე ", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
Jerusalem Post-თან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველო ისრაელისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით არ იყოს საინტერესო და პირიქით, არც საქართველოსთვის იყოს ისრაელი ეკონომიკური ან პოლიტიკური თვალსაზირით საინტერესო. თუმცა, ურთიერთობის აღდგენა ისრაელში მცხოვრები იმ ქართველი ებრაელებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელთან შეინარჩუნეს ქართული ენა, შვილებს ზრდიან ქართულად და უყვართ საქართველო. მისივე თქმით, ყველაზე დიდი შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრების, თბილი ურთიერთობების, მეგობრობისა და სიყვარულის გამოცდილება არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის გამოცემასთან საუბრისას ასევე ისაუბრია ირანის ბირთვულ შეიარაღებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
"ბირთვული იარაღი სახიფათოა და, რა თქმა უნდა, მისი მეც მეშინია. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა შევძლოთ, რომ არ გვქონდეს ბირთვული ირანი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ საკითხში პროდუქტიული და წარმატებულები უნდა ვიყოთ, რათა ირანი ბირთვულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდეს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Jerusalem Post-თან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საქართველოში, ისრაელის სალჩოს თანამშრომლებზე თავდასხმისა, ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში უსაფრთხოდ შეუძლიათ იგრძნონ თავი, რადგან ჩვენ ძლიერი პოლიცია გვყავს.

"საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული აქტები არ ხდება. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას, რათა ტერორისტული აქტების საფრთხე არც მომავალში გვქონდეს. საქართველოში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმის შემთხვევა კი ხელახალ გამოძიებას საჭიროებს. ჩვენ ყველა დაჯგუფებისა და რელიგიური აღმსარებლობის მიმართ ტოლერანტულები ვართ, მაგრამ ექსტრემიზმის მიმართ ვერ ვიქნებით შემწყნარებლები. ჩვენ არ დავუშვებთ ამას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა "ჰესბოლას" დაჯგუფებაზე და საქართველო-პალესტინის ურთიერთობაზე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის ვერ მიაკუთვნებს "ჰესბოლას" დაჯგუფებას ტერორისტულ ორგანიზაციას, სანამ ევროკავშირი არ გადაწყვეტს ამას.

"ჩვენ ევროპის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან მას შემდეგ რაც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები გაიზარდა, ჩვენი სტრატეგიაა, ევროპის რეაქციას დაველოდოთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არ უნდა დავუშვათ არც ერთი ორგანიზაციის არსებობა, ვინც ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს და ასეთი ორგანიზაციები უნდა განადგურდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, მომავალ კვირაში ის მხოლოდ ისრაელს ეწვევა და პალესტინაში ვიზიტი დაგეგმილი არა აქვს. მისივე თქმით, საქართველოსა და პალესტინას შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა უნდა დამყარდეს და ეს მოლაპარაკებების და არა ძალადობისა და ტერორის გზით უნდა მოხდეს.

პრემიერ-მინისტრი ისრაელის გამოცემასთან საუბრისას ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში და განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან.

"მაისში მომხდარი ორი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როცა ავღანეთში ათი სამხედრო დავკარგეთ, რა თქმა უნდა, ზოგიერთები გვთხოვდნენ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას. მაგრამ ხალხს ესმის, რატომ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები იქ და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქართული კონტინგენტი ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩება, როცა იქიდან ჯარებს ნატო გამოიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთნ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ტერორიზმს საზღვრები არა აქვს და არც ეროვნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ავღანეთის წინააღმდეგ კი არა, არამედ, იქ მშვიდობის დასამყარებლად იბრძვის.
მისივე განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამხარ ბრძოლა ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი ნაწილია.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ბრძოლისა, ეს არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ საქართველო ისლამის წინააღმდეგ იბრძვის.
"ყველა ჩემს გამოსვლაში აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ისლამს, არც ისლამურ რწმენას, არც ავღანეთს. ჩვენ ექსტრემისტების, ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძვით და არ მოგვწონს ტერორიზმი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორი არ შეცვლილა.
"ეს ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ამას არაფერზე გავცვლით. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ურთიერთობები უნდა დავამყაროთ რუსეთთან, რაც არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას ამ საქმეში. დიდი მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ დროულად შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ასევე რუსეთთან ურთიერთობას. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს არ მოხდება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის სანაცვლოდ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.