17 მაისის ინციდენტზე დასკვნითი პროექტის განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

17 მაისის ინციდენტზე დასკვნითი პროექტის განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადებული დასკვნით პროექტის განხილვა საკამოდ ემოციური და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

იუსტიციის სახლში მიმდინარე შეხვედრა მედიის წარმომადგენელებისთვის დახურულია, თუმცა საკონფერენციო დარბაზის გარეთა პერიმეტრიდან შესაძლებელია იმის დაფიქსირება, რომ შეხვედრაში მონაწილეთა შორის საკმაოდ ცხარე დისკუსიას აქვს ადგილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ვაჭარაძემ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ პროექტში წარმოდგენილი ცალკეული ფორმულირებები სერიოზული დისკუსიის საგანია.

"მსჯელობა მიდის კონკრეტულ ფორმულირებებზე. ბოლო კამათი წარიმართა ტექსტის იმ ვარიანტზე, სადაც საუბარია იმის შესახებ განჭვრიტა თუ არა პოლიციამ რისკი. სავარაუდოდ, შევთანხმდით, რომ ტექსტიდან ტერმინი პროპაგანდა ამოღებული იქნება. ასევე, კამათის თემაა ის, გავიდა თუ არა მთლიანად კონტრდემონსტრაცია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით, რომ ამ საკითხს ცოტა ხნით გადავდებთ და მას მსჯელობის ბოლოს მივუბრუნდებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ვაჭარაძემ.

თავად კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, პროექტთან დაკავშირებით მიდის დეტალური და მუხლობრივი მსჯელობა. დეპუტატის ცნობით, არის საკითხები, რაზეც კონსესუსი შედგა. კერძოდ, როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს: განუცხადა, შეკრების თავისუფლებისა და ძალადობის დაგმობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს სრული თანხმობა, ხოლო კამათი მიმდინარეობს თავად შს სამინისტროს საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კომიტეტმა დასკვნის პროექტში პოლიციის მიერ მიღებული ზომები დადებითად შეაფასა, თუმცა არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ პოლიციის საქმიანობა 17 მაისს არაფექტური იყო.

რაც შეეხება კონტრდემონსტრანტების ქმედებათა შეფასებას, ამასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლის ცალკეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. თუმცა, მისივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 17 მაისს კონტრდემონსტრანტთა ქმედებები მთლიანად გავიდა სამართლებრივი სივრციდან.

საპარლამენტო კომიტეტიდან ეკა ბესელიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობენ გედევან ფოფხაძე და ჩიორა თაქთაქიშვილი.