უფლებადამცველების ნაწილი სიმართლის კომისიის შექმნას მოითხოვს

უფლებადამცველების ნაწილი სიმართლის კომისიის შექმნას მოითხოვს

უფლებადამცველების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმართლის კომისიის შექმნას მოითხოვს. როგორც მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, იმისათვის, რომ "ქართველმა ერმა გაიგოს სიმართლე".

"ვაპირებთ, რომ ეს კამპანია იყოს ძალიან ძლიერი, ყოვლისმომცველი, რადგანაც ქართველ ერს სიმართლე არ მიაწოდეს, კრიმინალი დამნაშავეების შესახებ ქართველ ერს ინფორმაცია არ აქვს, კრიმინალები დადიან დაუსჯელები", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის მანტიით გვევლინება ხალხი, რომლებიც დღესაც დაკავებულია ნაცისტური რეჟიმის აშკარა პროპაგანდით.
"ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ჩვენს სტილში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გამოსვლებს, პრესკონფერენციებს, არამედ უფრო მწვავე აქციებსაც. ჩვენ არც ციხეში წასვლის გვეშინია, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლის კომისია ჩამოყალიბდეს და ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე, ძალიან რადიკალურ მეთოდებსაც არ მოვერიდებით", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში შესაძლოა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია "მოიხატოს და შელამაზდეს". კაკაბაძის განცხადებით, კამპანია იქნება მშვიდობიანი და პოზიტიურად აგრესიული.

უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში საქართველოში ადამიანის წამება იყო სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი და აუცილებელია, რომ რეჟიმი გასამართლდეს.

"ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას სიმართლის კომისია, სადაც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები შევლენ, რათა საზოგადოების რეალური თანამონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებდნენ, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ამასთან, ლაშა ჩხარტიშვილი მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ზრუნვა მოსასმენი და სამეთვალყურეო აპარატის გასანადგურებლად.

როგორც უფლებადამცველმა პაატა ვარდოსანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კადრები, რომელიც მან გუშინ შს სამინისტროში ნახა, არის ერის წინაშე დანაშაული და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. მისივე თქმით, როგორც გერმანელმა ერმა გაასამართლა ფაშიზმი, ასევე ქართველმა ხალხმაც უნდა გაასამართლოს რეჟიმი.

თანასწორობის ინსტიტუტის წევრმა ზვიად ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დოქსოპულოები ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ, თუმცა საზოგადოების მთავარი ამოცანაა, რომ მეტ-ნაკლებად მოხდეს არსებული ხელისუფლების კონტროლი იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დოქსოპული წარმოჩნდეს და შეიქმნას სახელმწიფოში.