სექტემბრის მუსიკალური სუსხი (ნაწილი მეორე)

სექტემბრის მუსიკალური სუსხი (ნაწილი მეორე)

”ჩემი მიზანია, რომ სულიერად ვიცხოვრო და ეს მუსიკით გამოვხატო. ასეთი ცხოვრებით ხომ დაკვრასაც ადვილად შეძლებთ, რადგანაც მუსიკა სიცოცხლის ნაწილია და იგი თქვენში ღრმად არის გამჯდარი. ჩემი მუსიკა საკუთარი მე-ს,  რწმენისა და გამოცდილების გამოხატულებაა” - ეს გახლავთ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ტენორ და სოპრანო საქსოფონისტ - ჯონ კოლტრეინის სიტყვები, რომელიც 1926 წელს დაიბადა და რომლის შემოქმედებამაც ჯაზი ახალ ენაზე აამეტყველა ისეთ დიდ შემსრულებლებთან ერთად, როგორიცაა ჩარლი პარკერი, ლუის არმსტრონგი, მაილს დევისი, დიუკ ელინგტონი თუ დიზი გილესპი.

სახელი მან მაილს დევისის კოლექტივში გაითქვა, რომელსაც 1955 წელს შეუერთდა. მაილს დევისთან ერთად ჩაწერილი ოთხი ალბომის შემდეგ, კოლტრეინი სოლო კარიერას ირჩევს და 50-იანი წლების ბოლო პერიოდიდან მოყოლებული იწერს ისტორიული მნიშვნელობის ალბომებს (”A Love Supreme”, ”Coltrane Jazz”, ”Giant Steps”), რომლებიც ჯაზური იმპროვიზაციების ასათვისებელ ქრესტომატიად შეიძლება შეირაცხოს. ასეთი მნიშვნელობის ალბომების პოვნა თვით ისეთი ფართო, გაშლილი და ამოუცნობი მუსიკალური ფენომენის სფეროშია ძნელი, როგორიც ჯაზია. შეუძლებელია, რომ ეს არ აღიაროს ჯაზის ნებისმიერმა გურმანმა, თუ მუსიკოსმა.

ამ ყოველივეს დასაბამია მის მიერ 1960 წელს ჩამოყალიბებული კვარტეტი, რომლის შემადგენლობაც ასეთი იყო: პიანისტი მაკოი ტაინერი, დრამერი ელვინ ჯონსი და ბას გიტარისტი ჯიმი გერისონი. აქ მოყვანილი ალბომები, თუ მუსიკოსები ზღვაში წვეთია იმ რაოდენობასთან შედარებით, რა დანატოვარი და ამაგიც აქვს ჯონ კოლტრეინს მე-20 საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში. დასასრულ ვიტყვით, რომ მისი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ - 1981-ში, 1962 წლის ალბომი Bye Bye Blackbird გახდა გრემის ლაურეატი, როგორც სოლო შემსრულებლის მიერ შექმნილი ყველა დროის უდიდესი საკონცერტო ნამუშევარი.

სავსებით შესაძლებელია, რომ ჯიმი ჰენდრიქსი 20 წლით ადრე რომ დაბადებულიყო, საქსოფონზე დაეკრა, ხოლო მუსიკალურ მემკვიდრეობას კი მისგან ჯონ კოლტრეინის ნაირსახეობა მიეღო. ვარაუდი იქით იყოს, მაგრამ რომ არა დაშლილი Animals-ის ბას-გიტარისტი ბრაინ ჩაზ ჩენდლერი, რომელსაც პროდიუსერობა გადაეწყვიტა, არ ვიცით, საერთოდ გავიგებდით, თუ არა ოდესმე ჯიმი ჰენდრიქსის სახელს. საქმე ისაა, რომ სწორედ მან შექმნა ჰენდრიქსი იმ სახით, რაც ახლოსაა გიტარის სრულყოფილებასთან. სწორედ ბრაინ ჩაზ ჩენდლერის დაჟინებითი თხოვნის შედეგად ტოვებს ჰენდრიქსი მშობლიური სიეტლის პაბებსა და კლუბებს და ჩამოდის ლონდონში - მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ევროპის მუსიკალურ ცენტრში, ერიკ კლაპტონის გასაცნობად. აქვე ყალიბდება ბასისტ ნოელ რედინგთან და დრამერ მიჩ მიჩელთან ერთად ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრიო The Jimi Hendrix Experience, რომელმაც სამყაროს სულ მალე როკ-მუსიკის ჯონ კოლტრეინი დაანახა.

სექტემბრის თვე იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ჯიმიმ გამოსცა სინგლი '”All Along The Watchtower''. სიმღერამ აღაფრთოვანა მისი ავტორი ბობ დილანი, რომელმაც განაცხადა, რომ მანამდე არავის შეესრულებინა ასე კარგად მისი რომელიმე სიმღერა. ჯიმის ვერსია მომავალში საფუძვლად დაედო ამ სიმღერის კანადელ ფრენკ მარინოსეულ ვარიანტსაც არამარტო გიტარის, არამედ ვოკალის თვალსაზრისითაც. ჰენდრიქსი მომავალში აღნიშნავდა, რომ პირველად ამ სიმღერაში შეიგრძნო მან თავი მომღერლად. ეს 1968 წელს მოხდა. ათი წლის შემდეგ კი Jethro Tull-ის სულისჩამდგმელი იან ანდერსონი ამ სიმღერით გახსნის მუსიკალურ მიქსს BBC Radio I-ზე...

საბჭოთა კავშირს ყოველთვის თავის ჰენდრიქსები და კოლტრეინები ჰყავდა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული - დინ რიდია, რომელსაც სექტემბერში 72 წელი შეუსრულდებოდა. კოლორადოს შტატში დაბადებული და აღზრდილი დინ რიდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლათინურ ამერიკაში, სადაც მას თვით ელვის პრესლიზე მაღლა აყენებდნენ. დინ რიდის ალბომები გამოდიოდა მექსიკაში, არგენტინაში, ესპანეთსა და იტალიაში. აქტიური მუსიკალური ცხოვრების პარალელურად იგი ილაშქრებდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, თანადგომას უცხადებდა სალვატორ ალიენდეს საპრეზიდენტო არჩევნებში და მთელ საკონცერტო შემოსავალს პატიმრებს ურიცხავდა.

იტალიაში დინ რიდი არაერთ ვესტერნში გადაიღეს და აქვე - რომში ერთ-ერთ მიტინგზე დააპატიმრეს კიდევაც. მიუხედავად მარქსისტობისა და მემარცხენე იდეებისა, დინ რიდი არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. არადა მას ამისი დიდი შესაძლებლობა ჰქონდა - არგენტინაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის რამდენიმე წლის შემდეგ, იგი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაბარგდა, სადაც გარდაცვალებამდე    ცხოვრობდა. 1986 წელს იგი მკვდარი იპოვეს დასავლეთ ბერლინში, საცხოვრებელი სახლის მახლობლად ტბასთან.

არსებობდა ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, თუმცა ”ბოროტი ხმები” მომხდარს საბჭოთა კავშირის უშიშროების თანამშრომლებს აბრალებდნენ, თითქოსდა ცხოვრების ბოლო პერიოდში მუსიკოსისა და მსახიობის შეხედულებების კვლავ დასავლეთისკენ სწრაფვის გამო. ქართველ სტაჟიან მსმენელებში დინ რიდი ყოველთვის კეთილ ემოციებს იწვევს, რადგანაც ადამიანი იხსენებს ახალგაზრდობას: 37 მანეთიან ბილეთს, ”ეს ესტრადაას”, წინასააღდგომო ”ილუზიონს”, მიშკინისა და სინჯარაძის პაექრობას, სასტუმრო ”აფხაზეთის” ყველაზე იაფიან ხინკალს, ”გპის” მე-9 კორპუსს და... სრული კომფორტისთვის შეიძლება დინ რიდს, კლოსსა და შტირლიცს.

ჩვენს მიმოხილვას კი განვაგრძობთ ეპოქალური ჯგუფით, რომელსაც ალბათ ABBA-თან ერთად პოპ-მუსიკის მოყვარულთა ყველაზე ფართო სპექტრი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მას პატივს კლასიკური მუსიკის გურმანებიც კი მიაგებენ, რომლებიც ვერასოდეს აიტანენ მძიმე როკსა, თუ რეპს, გაუთავებელ ჯაზურ იმპროვიზაციებსა, თუ ”პრიმიტიულ” Beatles-ს. საინტერესო კი ისაა, რომ ძმების - ბარი, რობინ და მორის გიბების დაბადების ადგილი ინგლისის ქალაქ მანჩესტერშია. ოჯახი უკვე შემდგომში - 1949 წელს გადაბარგდა საცხოვრებლად ავსტრალიაში და სამშობლოში მხოლოდ 1966 წელს დაბრუნდა.

ამ დროისათვის ჯგუფს უკვე 8 წლიანი ავსტრალიური წარსულით შეეძლო ეამაყა. დიდი იყო მცდელობა წარმატების მიღწევისა ძველ კონტინენტზე, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს დაემთხვა 1976 წელს - როკ-მუსიკის მეინსტრიმიდან გადავარდნის პერიოდს. ვინ იცის მუსიკალურ შოუ-ბიზნესს ახალი ვარსკვლავის სახით წრიპინა ხმით აღჭურვილი ლომივით ვაჟკაცური გარეგნობის მქონე ფრანტმენი ესაჭიროებოდა. დაუმატეთ ამას ტკბილი მელოდიები, სასიყვარულო ტექსტები, მსუბუქი საუნდი და მიიღებთ პროდუქტს - ალბომი Children Of The World, რომელიც 34 წლის წინათ ანსამბლის ოქროს ჩანაწერად იქცა.

როკ-მეინსტრიმიო, ვახსენეთ და 1980 წელს დროებით მაინც წერტილი ამ ამბავს Led Zeppelin-ის დრამერ ჯონ ბონემის გარდაცვალებით დაესვა. 31 წლის მუსიკოსმა ჯიმი პეიჯის სახლში ზედმეტი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღო, გულმა ვეღარ გაუძლო და ამიტომაც ბოლო მოეღო არამარტო ეპოქის ერთ-ერთ სულისჩამდგმელ როკ-კოლექტივს, არამედ იმ პიროვნების მუსიკალურ იდეებსაც, უპირველეს ყოვლისა ვის სახელთანაცაა დაკავშირებული Led Zeppelin-ის განუმეორებელი რეპერტუარი. 

1973 წლის შუახანს Deep Purple მომღერლის გარეშე დარჩა, თუმცა სექტემბრის თვეში დაბადებული დევიდ კოვერდეილის ძიებას დიდი ხანი არ დასჭირვებია. მასთან ერთად ჩაწერილი ალბომები ”Burn”,  ”Stormbringer” და ”Come Taste The Band” ლეგენდარული ჯგუფის ურიცხვ მოყვარულთა შორის დიდ სჯა-ბაასსა და კამათს დღემდე საჭიროებს, ხოლო ფანტასტიური ლაივ ალბომი ”Made In Europe” როკ საკონცერტო ალბომთა შორის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ Whitesnake-ის მეტადრე ამავე სახელწოდების ალბომიდან მოყოლებული დღევანდლობამდე ბევრისთვის უმთავრესი მაინც დევიდ კოვერდეილის სოლო მოღვაწეობაა. 1987 წლის ალბომმა ჰიტ-პარადებში მეორე ადგილი დაიკავა Def Leppard-ის Hysteria-ს შემდეგ. დუეტმა შედეგით თვით მადონასაც(!) კი გადაუსწრო, რაც იმ პერიოდისათვის სრული ნონსენსია.

80-იან წლებში როკ-ფლაგმანის მნიშვნელოვანი როლი ამერიკელმა ბრიუს სპრინგსტინმაც იტვირთა. ძნელია როკ-სამყაროში ჰპოვო ისეთი რაოდენობით ტიტულები, რაც ამ შესანიშნავ კომპოზიტორსა და მომღერალს გააჩნია. შეიძლება ბევრმა მას ”პაპსავიკობა” დასწამოს, მაგრამ ალბათ ყველამ საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ და ვაღიაროთ, რომ მელოდიური მუსიკა გვიყვარს და პირველ რიგში ამით და არა ურიცხვი ესპერიმენტებით ვაფასებთ შემსრულებელს. რომ არა ბრიუს სპრინგსტინისნაირი პიროვნებები, 90-იან წლებში ზოგადად როკ-მუსიკის პოპულარობა შეიძლება კიდევ უფრო დაცემულიყო და 21-ე საუკუნის არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი სულ სხვა მიმართულებით წასულიყო. ვინც მაინცდამაინც არ სცნობს მის შემოქმედებას, ვურჩევდით ოთხდისკიან საკონცერტო ალბომ Live 1975/85-ით დაეწყო. ვფიქრობ, რომ მისი მოსმენის შემდეგ 61 წლის მუსიკოსისადმი პატივისცემა აშკარად გაგიჩნდებოდათ.  

რეი ჩარლზს კი წლეულს 80 წელი შეუსრულდებოდა. ფრენკ სინატრამ მას შოუ-ბიზნესის ერთადერთი ჭეშმარიტი  გენიოსი უწოდა, ხოლო ჟურნალ Rolling Stone-მ კი 100 მომღერალს შორის, რეი ჩარლზი ყველა დროის მომღერლად დაასახელა. ამავე ჟურნალის გამოკითხვის მიხედვით What’d I say 500 საუკეთესო სიმღერათა შორის მე-10 ადგილზე დამკვიდრდა. რეი ჩარლზი ქართველ მსმენელსაც კარგად უნდა ახსოვდეს. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მან სცენაზე დაახლოებით 1 საათი დაჰყო და მაქსიმალურად კომპაქტურად მოუყარა თავი ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს Georgia On My Mind თაოსნობით.

ლეგენდარული  მუსიკოსის დისკოგრაფია 70-ზე მეტ სტუდიურ ალბომს მოიცავს. იგი როკ-ნ-როლის, ჯაზის, ქანთრისა და ბლიუზის დიდების დარბაზის წევრი და 17-გზის გრემის ლაურეატია. ჩვენ ყურადღებას მხოლოდ რეის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ გამოსულ 8 გზის გრემის ნომინანტ ალბომზე “Genius Loves Company“ გავამახვილებთ, ალბათ იმიტომ რომ იგი ბოლოა და ალბათ საოცრად  ნოსტალგიური. ამ ალბომში შევიდა რეის ვოკალური დუეტები ბი ბი კინგთან, ვან მორისონთან, ჯეიმს ტეილორთან, ელტონ ჯონთან, მაიკლ მაკდონალდთან, ბონი რაიტთან, ნორა ჯონსთან და ჯონი მატისთან.

დღევანდელ განხილვას კი კიდევ ერთი იუბილარით დავასრულებთ. ჯორჯ გერშვინი 1898 წელს დაიბადა წარმოშობით ბელორუს ებრაელ ემიგრანტ გერშოვიცის ოჯახში. კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ჯონ კოლტრეინისა და ჯიმი ჰენდრიქსისა არ იყოს, ბევრი რამ თან მოასწრო და თან ვერ მოასწრო ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე. ვინ იცის კიდევ რამდენი ჯაზური ექსპერიმენტი ელოდა წინ მუსიკის მოყვარულს ჯორჯ გერშვინის ჯაზთან კლასიკური მუსიკის თვალსაზრისით მიდგომის საფუძველზე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა უკვდავი ოპერით Porgy And Bess-ით ვკმაყოფილდებით, რომლის მშვენება Summertime-ის ურიცხვ ვერსიას ვიცნობთ, მაგრამ უმშვენიერესი მათ შორის ალბათ ელასა და ლუის შესრულებითაა.