დავით უსუფაშვილი - არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ

დავით უსუფაშვილი - არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ

ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ევროპის გზას დაადგეს. ამ მიზნის განხორციელება 22 წლის წინ დავიწყეთ, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა. თუმცა, უამრავი პრობლემის, მათ შორის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირების გამო, ამ პროცესის გაგრძელება ახლაც გვიწევს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ეთერში საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერაც ბევრი პრობლემა აქვს მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

"თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შევასრულოთ დასახული ამბიციური ამოცანები და არ გავჩერდეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა BBC-ის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო თანამეგობრობაში და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის.

"საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს საკუთარ ფარგლებში ხილვა სურს. სანამ ლონდონში ჩამოვიდოდი, ბრიუსელში გახლდით, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გავმართეთ, მომავალ კვირას კი, საქართველოს ნატო-ს ატლანტიკური საბჭო ეწვევა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვექნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო საქართველოში განხორციელებულ დაკავებებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხს. როგორც მან განაცხადა, ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობის დამტკიცება პროკურატურის საქმეა.

"9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და მისი მეგობრები ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ ახალ მთავრობას ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი. ჩვენ უამრავი მოქალაქის საჩივარი გვაქვს, რომლებიც ჩივიან, რომ ჩამოართვეს კერძო საკუთრება, რომლებიც უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და აწამეს ციხეში. მე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე, ეს პროკურატურისა და სასამართლოს გასარკვევია, კონკრეტულად ვინ დირიჟორობდა ამ სისტემურ პრობლემებს. მეორე მხრივ, არც ერთი თანამდებობა არ არის იმუნიტეტის გარანტი. ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, დადგება დღე, როცა ჩემს ადგილას სხვა ადამიანი იქნება. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე რაიმე დანაშაული ჩავიდინე თავმჯდომარეობისას, დაუსჯელი უნდა დავრჩე.
ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. ეუთოსა და ODHIR-სგან მოვითხოვეთ მონიტორინგის მისია, რომელიც სასამართლო პროცესებს დააკვირდება. ჩვენ ვთხოვეთ ევროკავშირს და მათ გამოგვიგზავნეს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანის უფლებების დამცველი თომას ჰამერბერგი, რომელიც უმაღლესი კომისარი იყო ადამიანის უფლებების მხრივ ევროსაბჭოში. ის უამრავ დროს ატარებს საქართველოში და ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებით, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიით, ჩამოვიდნენ და თავად განსაჯონ ყველაფერი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

BBC-ის ეთერში საუბრისას დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი დაფარული ამბავი გამჟღავნდა, მათ შორის, პრეზიდენტის მიერ თანხების უკანონოდ გაფლანგვა. თუმცა, მისივე განცხადებით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილს დაპატიმრება ემუქრება.

"არა მგონია, სააკაშვილი დააპატიმრონ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი დაფარული ამბავი გამჟღავნდა და გასაჯაროვდა. მათ შორის უამრავი თანხის გაფლანგვის ამბავი. ჩვენ დაინტერესებული ვართ ვმართოთ უკეთესი ქვეყანა და წავიყვანოთ ის ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, გადავჭრათ სოციალური პრობლემები, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი გაჭირვებულია. ასე, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის ყოფილი ხელისუფლების წევრთა ბრალმდებლებად ყოფნა. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ქვეყნის სათავეში ვართ და უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა BBC-ის ეთერში.