ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იმართება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იმართება

შინაგან საქემთა სამინისტროს შენობაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იმართება, თუმცა შესაბამისი კომისიის წევრებმა დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იციან.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის წევრმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტომა ეკა გიგაურმა განაცხადა, შეხვედრა შს სამინისტროს ინიციატივით გუშინ, გვიან გადაწყდა.

"არ ვიცი, რა არის დღევანდელი შეხვედრის მიზანი. გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ შსს-დან და მთხოვეს, რომ მოვსულიყავი", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს, გიგაურის განმარტებით, მისი ხედვა უცვლელია და ფიქრობს, რომ უკანონო ჩანაწერები სასწრაფოდ უნდა განადგურდეს.

"ჩვენი ხედვა უცვლელი რჩება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სასწარფოდ უნდა განადგურდეს და ჩვენი შეთანხმებით, ეს მოხდება კვირას 15.00 საათზე", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

კომისიის კიდევ ერთი წევრი გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში იმედოვნებს, რომ კვირას, უკანონო ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლება.
"ჩვენ ამის თაობაზე უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ვთქვით სიტყვა, დავდეთ პირობა, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით. თუ ვინმე შეცვლის თავის აზრს, ეს მისი პრობლემაა, წესით და რიგით, გადაწყვეტილება არ უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ კანონი, მაშინ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები უნდა განადგურდეს", – აღნიშნა ტუღუშმა.

რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებს, მისი აზრით, აღნიშნული კადრების განადგურება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და გამოძიებისთვის საჭიროა დამნაშავის დასასჯელად.

ამასთან, ტუღუში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას,თითქოს უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს შორის სასულიერო პირების ცხოვრების ამსახველი კადრებიც არსებობს. "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის რიგით მესამე შეხვედრა შსს სამინისტროს ძველ შენობაში 10:30 საათზე დაიწყო.