"როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, ცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოძიოთ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს არ ესმის, იმ უფლებადამცველების პროტესტის, რომლებმაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ირკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დატოვეს.

ამის შესახებ ხიდაშელი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ჩემს მეგობრებს, უფლებადამცველებს მინდა, შევეხმიანო, ვინც დატოვა სხდომა. მათ წინასაწარ იცოდნენ, რომ კადრები უნდა ენახათ და შეხვედრაზე წავიდნენ. არ უნდოდათ ამ ვიდეოების ნახვა, ეს მათ ნებაა. მე დღემდე არ მინახავს ციხის კადრები. ეს არ არის საინტერესო, ეს ადამიანის პირადი არჩევანია, მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველს მისი საქმიანობის განმავლობაში წესით, ბევრი რამ უნდა ჰქონდეს ნანახი. ზოგი თავად მსხვერპლის მოტანილი და ზოგიც, სხვების მიერ ნდობიდან გამომდინარე მიტანილი.

მე ბოლო 20 წლის მანძილზე უამრავი ასეთი რამ მინახავს და ეს ჩემი სამსახური იყო. საკუთარი თვალით უნდა მენახა, იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი. ეს ასეთი სამსახურია მეგობრებო, თქვენი ნებაყოფლობით არჩევანია. როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, ცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისათვის უნდა იბრძოლოთ. როდესაც წლების წინ ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა პოლიციიდან ფოტოები მომიტანა, სადაც დაახლოებით ანალოგიური რამ იყო აღბეჭდილი, მაინტერესებს როგორ უნდა მოვქცეულიყავი? მსხვერპლის ნებართვა უნდა მეთხოვა, ხელი უნდა ამეფარებინა თვალებზე, უნდა დამეხია? მაშინ ხომ სწორედ ასე გავიგეთ რა ხდებოდა პოლიციის დაწესებულებებში?

აბსოლუტურად არ მესმის თქვენი პროტესტი. თუ ისედაც იცით და არ გჭირდებათ დარწმუნება, ეს სხვა საკითხია, ოღონდ ეს შესაბამისად უნდა ითქვას.

შეხვედრა დატოვეთ. არაფერი გინახავთ, შემდეგ კომენტარები გაკეთდა - მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, იდენტიფიცირებადი იყოო. მითხრესო?! ასე მითხრესო, არ არის სერიოზული!!!!

იმაზე უნდა წუხდეთ, რომ თავის დროზე ეს საშინელებები თქვენ არ გაგანდეს, თქვენამდე ვერ, ან არ მოიტანეს. თუ არ გეცოდინებათ, თუ შესაძლებლობა გაქვთ და არ იყენებთ, რომ საკუთარი საქმე აკეთოთ, მაშინ ხვალ და ზეგ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ფუნქცია. ისევ მითხრესო!!!!!

ბოდიშს ვიხდი, დღეს შესაძლოა, ამას არ უნდა ვწერდე, მაგრამ როგორც ამბობენ, ყოფილი უფლებადამცველები არ არსებობენ და ძველი სტატუსით ვწერ ამ პატარა გზავნილს", - აცხადებს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები - ეკა კვესიტაძე, დავით პაიჭაძე, ნესტან ცეცხლაძე, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.