"ელჩებთან პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის სკანდალური კადრების ჩვენება უკვე საჭირო აღარ იყო"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს დავით ზურაბიშვილს არ ესმის, ჟურნალისტებისთვის კინოსეანსის მოწყობას რა აზრი ჰქონდა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"მე მგონია, რომ ელჩებთან პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის სკანდალური კადრების ჩვენება უკვე საჭირო აღარ იყო. დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება სავსებით საკმარისი გახლდათ იმის ილუსტრირებისთვის, რომ სექსუალური ძალადობა სისტემატურად გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების რეპრესიული აპარატის მიერ. აი, ჟურნალისტებისთვის კინოსეანსის მოწყობას რა აზრი ჰქონდა, მე პირადად აზრზე არ ვარ. დიპკორპუსთან შეხვედრის შემდეგ ძალადობის ფაქტების უარყოფას ყველაზე ორთოდოქსი მიშისტებიც ვერ შეძლებდნენ, ის კი არ უნდა ყოფილიყო რთული მისახვედრი, რომ ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების მოწვევა მხოლოდ კინკლაობას და ხმაურს გამოიწვევდა და მთელი აქცენტები (ბოდიში კვესიტაძის ალუზიისთვის) სულ სხვა საკითხებზე გადანაცვლდებოდა. ჰოდა, ვისმინოთ ახლა "რაზბორკები" თემაზე, შესაძლებელია თუ არა პიროვნების იდენტიფიცირება დაშტრიხული თავისა და დაუშტრიხავი გარშემოწერილობის მიხედვით", - წერს ზურაბიშვილი.