შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ნაჩვენებ ვიდეომასალაში ასახული პირების იდენტიფიცირება ნაწილობრივ შესაძლებელია, - როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა, ამის შესახებ მას იმ პირებმა აცნობეს, რომლებიც ვიდეომასალის ჩვენებას ესწრებიან.
როგორც კოჟორიძემ განმარტა, თავად შეხვედრა ვიდეოჩვენების დაწყებამდე დატოვა, შესაბამისად, არ შეუძლია გამოთქვას აზრი, შესაძლებელია თუ არა ვიდეოფირზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება.
"შეხვედრაზე დარჩენილი პირების უმეტესობა ამბობს, რომ ვიდეომასალაში ასახული პირების იდენტიფიცირება ნაწილობრივ შესაძლებელია, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს რთულია. პირადად მე, ეს კადრები არ მინახავს, შესაბამისად, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა კოჟორიძემ.
საიას ხელმძღვანელმა და რამდენიმე პირმა შინაგან საქმეთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.