გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვარიანისა და შინდისის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტები ირმა პაპუნაშვილი და იზოლდა კოკაური სამსახურში აღადგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ 2013 წლის 19 ივნისს მიიღო. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული მთავარი სპეციალისტების გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სამსახურიდან 2013 წლის გაზაფხულზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა. ირმა პაპუნაშვილის და იზოლდა კოკაურის გათავისუფლების მიზეზად 2012 წლის ივნისში წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის შეხვედრის ჩაშლა სახელდება. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა სამსახურმა პაპუნაშვილის და კოკაურის გათავისუფლებას საფუძვლად Qartli.gE-ს მიერ გადაღებული ვიდეო-მასალა დაუერთეს.
ირმა პაპუნაშვილის განცხადებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ანალოგიურს – ვარიანის ტერიტორიული ორგანოს აწ უკვე აღდგენილი მთავარი სპეციალისტი იზოლდა კოკაური აცხადებს.
სამსახურიდან გათავისუფლებული სპეციალისტების ინტერესების დამცველი, პროფკავშირების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა კალმახელიძე აცხადებს, რომ მათი სარჩელი მოსამართლე მთალიანად დააკმაყოფილა. ,,სამსახურში აღდგენასთან ერთად განაცდურის ანაზღაურებაც დაეკისრა” – განაცხადა კახა კალმახელიძემ. რაც შეეხება სასარჩელი მოთხოვნის არგუმენტებს, კახა კალმახელიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება არასწორად გამოიტანა:
,,მთავარი სპეციალისტები დანიშნულები იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არ ჰქონდა გათავისუფლების ბრძანებებს ხელი მოეწერა. ყველა ეს გადაწყვეტილება მოსამართლის მიერ გაბათილებულ იქნა” – ამბობს კახა კალმახელიძე.
ირმა პაპუნაშვილის და იზოლდა კოკაურის თქმით, სამართლიანობა აღდგა. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიმართ ახალი დევნა არ დაიწყება. Qartli.gE-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამჯერად, მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელმოწერით.