საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა ტესტი – პოლიტიკურ შეხედულებაზე მაღლა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპი დაეყენებინა, ვერ ჩააბარა.
როგორც დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექვსი თვის საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, კომიტეტის ბოლო თვეების საქმიანობა სწორედ აღნიშნულს ადასტურებს.
ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა გარკვეული პატიმრებისათვის პოლიტიკური დევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე. მისივე თქმით, კომიტეტმა ასევე სათანადო რეაგირება არ მოახდინა და სათანადოდ ვერ შეაფასა 17 მაისს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის შემთხვევები.
ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს იმასაც, რომ კომიტეტის მხრიდან ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე გაკეთდა შეფასება, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა მომხდარში სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა, რაც, მისივე შეფასებით, კომიტეტის არასათანადო რეაგირებაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის დადებით მომენტად თაქთაქიშვილმა შეაფასა ის, რომ კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, როცა, მისივე თქმით, იურიდიულმა კომიტეტმა აღნიშნული საკითხისადმი მხარდაჭერა არ გამოხატა. მან დადებითად შეაფასა ისიც, რომ კომიტეტში დისკუსია გაიმართა ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებით.