"სამალავების საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ბოლომდე და ყველა უმკაცრესად უნდა დაისჯოს"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "საიდუმლო სამალავებთან დაკავშირებული საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ბოლომდე და ყველა უმკაცრესად უნდა დაისჯოს".

ამის შესახებ ბაქრაძეს რამდენიმე დღის წინ შსს-ს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

"ორი აზრი არ არსებიობს იმაში, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი მთელი სიმკაცრით უნდა იქნას დასჯილი. მე გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, მთლიანად ვითანამშრომლოთ და გამოძიების პროცესს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. იმ შემთხვევაში თუ უშუალოდ შემსრულებელი პირების გარდა რაიმე სხვა გასარკვევი საკითხები დგას, რამდენადაც შეიძლება, დადგეს სხვა პირების, მათ შორის, თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა, ჩვენ მზად ვართ, ამ თემაშიც მივიღოთ მონაწილეობა, თუ საჭიროა საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სახითაც. საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ბოლომდე. ყველა უკმაცრესად უნდა იქნას დასჯილი. ჩვენ უკან არაფერზე არ დავიხევთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ამ საქმესთან შეხება ექნება, რაც არ უნდა იყოს მისი სახელი და გვარი, დასჯილი უნდა იყოს და უნდა აგოს პასუხი. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამაში ჩემი ოჯახის რომელიმე წევრიც რომ მონაწილეობდეს, ისიც უმკაცრესად უნდა იქნას დასჯილი, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე ვითანამშრომლოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ საკითხის გამოძიებას", - განაცხადა ბაქრაძემ.