გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო

გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო

თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმის წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო. ბრალდების მხარემ პროცესის გადადება მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა , რომ მტკიცებულებად არ დაეშვათ რამდენიმე პირის დაკითხვა და ბრალდების მხარეს ისინი დასაკითხთა სიიდან ამოეღო. 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გონივრული ვადა და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა.

უგულავა წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, როგორც ტელეკომპანია "იმედის", ასევე "თბილსერვისჯგუფთან" დაკავშირებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

პროცესის დაწყებამდე კი, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა, "იმედთან" დაკავშირებით, რა ბრალდებებს უყენებს "ივანიშვილის ჯოკერი" ჯოზეფ ქეი.
დღევანდელ პროცესზე ორივე მხარის მხრიდან დასახელდა დასაკითხ პირთა სია. "იმედის" საქმეზე ბრალდების მხარე მოითხოვს, დაიკითხნონ ლაშა მაქაცარია, ნიკა გილაური, გიორგი არველაძე, მარიამ სპარსიაშვილი, გიორგი ისაკაძე და სხვები. ნიკა გილაურის დაკითხვას მოითხოვენ ამავე საქმეზე ბრალდებული დავით კეზერაშვილის ადვოკატებიც. გილაურის გარდა, კეზერაშვილის დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში არიან ალექსანდრე ფარულავა და ნანა ინწკირველი. დასაკითხ პირთა სია წარადგინა უგულავას მხარემაც, მათ შორის არიან თორნიკე შიოლაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და სხვები.

კეზერაშვილის დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, მტკიცებულებად არ იყოს დაშვებული ჯოზეფ ქეისა და გიორგი ისაკაძის ჩვენებები და დაკითხვის ოქმები. ადვოკატების თქმით, ჯოზეფ ქეის დაკითხვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოხდა. ისინი ქეის, ისაკაძის და დავით იაკობაშვილის დასაკითხთა სიიდან ამოღებასაც მოითხოვენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი.

დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.