კეზერაშვილის ადვოკატები ბრალდების მხარის მოწმეთა სიიდან ჯოზეფ კეის და გიორგი ისაკაძის ამოღებას ითხოვენ

კეზერაშვილის ადვოკატები ბრალდების მხარის მოწმეთა სიიდან ჯოზეფ კეის და გიორგი ისაკაძის ამოღებას ითხოვენ

თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატები ბრალდების მხარის მოწმეთა სიიდან ჯოზეფ კეის და გიორგი ისაკაძის ამოღებას ითხოვენ.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენეს, სადაც ადვოკატებმა ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინეს.

ადვოკატების მიერ წარმოდგენილ ნუსხაში დასაკითხ პირთა სიაში თორნიკე შიოლაშვილი, ხვიჩა სანაია, ვახტანგ ცაგარეიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და სხვები არიან.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილის ადვოკატების მიერ წარმოდგენილ დასაკითხ პირთა სიას, მასში ალექსანდრე ფარულავა, ნანა ინწკირველი, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი, ასევე ნიკა გილაური არიან.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს შუამდგომლობა არ აქვს, რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი პროკურატურის მინერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების არდაშვებას მოითხოვენ.

კერძოდ, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი ჯოზეფ კეის დაკითხვის ოქმები, ნინო ბაქრაძის ჩვენებები და დაკითხვის ოქმები, გიორგი ისაკაძის დაკითხვის ოქმები და პაატა სირაძის დაკითხვის ოქმები და ჩვენებები.

ასევე დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დასაკითხ პირთა სიიდან ამოღებული იქნას ჯოზეფ კეი, ნინო ბაქრაძე, გიორგი ისაკაძე და პაატა სირაძე.

დაცვის მხარის განმარტებით, გამოძიების პროცესში რიგი მტკიცებულებების მოპოვება ხდებოდა არა ობიექტური სურათის დასადგენად, არამედ წინასწარ შექმნილი ცრუ სურათის შესაქმნელად.

შეგახსენებთ, რომ საქმე ორ ეპიზოდს ეხება. გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.

პროკურატურა დედაქალაქის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა - უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა და თბილისის მერის უფლებამოსილებაც შეუნარჩუნდა.

რაც შეეხება კეზერაშვილს ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდთან დაკავშირებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა იგი საქართველოში არ იმყოფება.