გიორგი ვაშაძე:  წუხელ რუსთავის საკრებულოს სამი წევრი გაიტაცეს

გიორგი ვაშაძე: წუხელ რუსთავის საკრებულოს სამი წევრი გაიტაცეს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, რუსთავის საკრებულოს წევრების ოჯახებში სამართალდამცავები შედიოდნენ და ოჯახის წევრებს და თავად დეპუტატებს აშინებდნენ. 

როგორც გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ამის მიზეზი რუსთავის საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა გახდა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურები, კერძოდ, უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატების სახლში მთელი ღამის განმავლობაში შედიოდნენ და მათ აშანტაჟებდნენ. ვაშაძის თქმით, საკრებულოს წევრებისგან მოითხოვდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაეჭირათ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისთვის.

ვაშაძის განცხადებით, წუხელ, სამართალდამცავი სტრუქტურების, კერძოდ, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის საკრებულოს სამი წევრი გაიტაცეს, რომლებიც დუშეთში იმყოფებოდნენ. ვაშაძის თქმით, მათგან ორის, ზაზა ასისტიშვილის და ზაზა მურვანიძის ადგილსამყოფელი უცნობია, მესამე - იაგო ბადაგაძე კვლავ უშიშროების თანამშრომლებს ჰყავთ.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, წუხელ, ბაზალეთიდან რუსთავის მიმართულებით მოემართებოდნენ რუსთავის საკრებულოს კიდევ ორი წევრი- მამუკა აბულაძე და კახა ცერცვაძე, რომლებიც საპატრულო პოლიციის ბრიგადამ სამჯერ გააჩერა. როგორც ვაშაძე აცხადებს, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მათ ნარკოლოგიურში გადაყვანას უპირებდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, საკრებულოს წევრებმა საპატრულო პოლიციას განუცხადეს, რომ ისინი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დეპუტატები იყვნენ და მათი უკანონო გაჩერების შესახებ ფაქტს პრესის წარმომადგენლებს აცნობებდნენ, რის შემდეგაც, მამუკა აბულაძე და კახა ცერცვაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაუშვეს.
მამუკა აბულაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათზე ზეწოლა იყო.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში აბულაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, საკმაოდ გააქტიურდნენ სამართალდაცავი სტრუქტურები და რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე ზეწოლა ხდება. მისივე თქმით, ეს მაშინ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ რიგგარეშე სხდომა დაინიშნებოდა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა.

დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ 10 დეპუტატი ესწრებოდა.

დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ ოთხ დეპუტატთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, მათ მობილური ტელეფონები გამორთული ჰქონდათ, 5 დეპუტატიდან კი, როგორც ვაშაძემ განაცხადა, ორის ადგილსამყოფელი უცნობია, ერთი უშიშროების თანამშრომლებს ჰყავთ, ორმა კი სხდომაზე დააგვიანა, რადგან ქალაქში გვიან ჩავიდა.