ბრალდების მხარე გიგი უგულავას საქმეზე ნიკა გილაურის დაკითხვას ითხოვს

ბრალდების მხარე გიგი უგულავას საქმეზე ნიკა გილაურის დაკითხვას ითხოვს

ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდზე გიგი უგულავასთვის წარდგენილ ბრალდებაში, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დასაკითხ პირთა სია წარადგინა. 

ბრალდების მხარის ინფორმაციით, დასაკითხთა სიაში არიან ლაშა მაქაცარია, ნიკა გილაური, გიორგი არველაძე, მარიამ სპარსიაშვილი, გიორგი ისაკაძე და სხვები.

თბილისის მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც უგულავამ განაცხადა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი.

დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.