ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს

ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სკანდალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა , ნინო გიორგობიანმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ანონსი აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, სამალავში აღმოჩენილი ვიდეოკადრები საჯარო არ გახდება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით საზოგადოებას დღეისთვის ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდებოდა.

მისივე თქმით, შემზარავია ის ინფორმაცია, რაც მას აქვს ამ სამალავებთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას საზოგადოება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმენს.

"მე ერთმნიშვნელოვნად არ გამოვრიცხავ, რომ ის იარაღი, რომელიც შსს-მ აღმოაჩინა, უკავშირდებოდეს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან ამ იარაღზე წვდომა 1 ოქტომბრამდე დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ ჰქონია. ამაზე და უფრო ბევრ შეკითხვაზე ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას გასცემს პასუხს. მე ვიცი, რაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ამის თქმის უფლება დღეს არ მაქვს. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური უფლება", - განაცხადა გადაცემაში კვაჭანტირაძემ.

ამასთან, შს მინისტრი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.