კადიევის ძმა - მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს

კადიევის ძმა - მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს

მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს – აღიარე ჩადენილი დანაშაული, თითქოს მართლა ინახავდი ტყვია-წამალს და დაახლოებით წელიწადნახევარში გაგათავისუფლებთო , - ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მიკაელ კადიევის ძმამ, რამაზ კადიევმა განუცხადა. 

მისი თქმით, გარიგებას სამი უცხო პირი სთავაზობდა და აღიარების შემთხვევაში მისი დეიდაშვილის იმ დღესვე გათავისუფლებასაც ჰპირდებოდნენ. 

"ამოღებულ საბრძოლო მასალაზე არ არის კადიევის თითის ანაბეჭდები და ბრალდება შეთითხნილია. ასევე ითქვა, რომ თითქოს მიკაელს აღმოუჩინეს ყალბი პასპორტები, მაგრამ ერთ პასპორტში არ არის მიკაელის ხელმოწერა. ვერაფერს ვუკავშირებ მის დაკავებას. მე ვიცი, რომ უდანაშაულოები არიან. როცა ბიჭები დააკავეს, იზოლატორში მიკაელთან შევიდა სამი უცხო პირი, რომელმაც გარიგება შესთავაზა – აღიარე ჩადენილი დანაშაული, თითქოს მართლაც ინახავდი დიდი ოდენობით ტყვია-წამალს და დაახლოებით წელიწადნახევარში გაგათავისუფლებთ ციხიდან, შენს დეიდაშვილს კი დღესვე გავუშვებთო. მიკაელმა ამაზე უარი განაცხადა, ამის მიუხედავად, მას ტერაქტის მცდელობის ბრალდება მოუხსნეს და წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვა, ათასი სისულელე ითქვა, თითქოს მიკაელი ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, დაკავებული ჰყავდათ სპეცსამსახურებს და ა.შ. მაგრამ თუ ეს ყველაფერი მართალია, აქამდე რატომ არ დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები. ერთხელაც არ მოსულა არავინ", - განაცხადა რამაზ კადიევმა. 

მისივე თქმით, მათზე თვალთვალი ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

"სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ჩემს ძმასა და დეიდაშვილს რუსულ მხარეს არ გადასცემს, რადგან ისინი რუს სამართალდამცველებთან უსაფრთხოდ ვერ იქნებიან. კიდეც რომ წავიდეს დაღესტნის იმ ტერიტორიაზეც, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, იქაც პრობლემები შეექმნება, რადგან ეტყვიან, შენ ქართველმა სამართალდამცველემა "დაგავერბორკესო" და არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. ვერ ვხვდები, ვის ინტერესებშია მისი დისკრედიტაცია და ჩვენი ოჯახის თვალთვალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. მეც მინდა სიმართლის გაგება. როდესაც თქვეს, რომ თითქოს ჩემი ძმა ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილეობდა, რაც პირველად საქართველოში გავიგონე, უცხო მანქანები დაგვყვებოდნენ. არც ვიცით, ვის ვთხოვო დახმარება", - აღნიშნა რამაზ კადიევმა. 

ამასთან, რამაზ კადიევი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის ძმას რუსეთში ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი აქვს წაყენებული. 
მისივე თქმით, ადვოკატისგან იცის, რომ მისი ძმა ციხეში ძალიან კარგ პირობებშია. 

შსს-ს ინფორმაციით, ტერაქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი 13 ივნისს, გამთენიისას დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათი დროებითი საცხოვრებლიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.