გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილება

გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილება

თბილისის მერის, გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა.   

დღევანდელ პროცესზე დასასწრებად გიგი უგულავა უკვე მივიდა. 

"სასამართლო დღეს იმსჯელებს გარკვეული მტკიცებულებების დაშვება-არდაშვებაზე, 500-მდე მოწმეა ამ საქმეში, მარტო 400 მოწმე ჩვენ გვყავს, დღეს წარმოდგენილი იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ჩვენი პოზიციაა, რომ გარკვეული მტკიცებულებები არ იყოს დაშვებული, რადგან მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული", – აღნიშნა გაბაიძემ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას ბრალი, "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. 

დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.