ბიძინა ივანიშვილი გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბიძინა ივანიშვილი გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი სამძიმრის წერილში გიგა ლორთქიფანიძის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას თანაუგრძნობს.

"ქართულ თეატრსა და კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გამოაკლდა – გარდაიცვალა გიგა ლორთქიფანიძე. მწუხარებას გამოვთქვამ, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.

გიგა ლორთქიფანიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში, მთლიანად ქართულ კულტურაში. მისი რეჟისორობით დადგმული სპექტაკლები და ფილმები ქართველი ხალხისთვის გამორჩეულად ძვირფასია.

როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტმა, გიგა ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც – იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მკაფიო სამოქალაქო პოზიციით.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი რეჟისორის გარდაცვალებას", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.