ნანა კაკაბაძე: უკრაინელ ჟურნალისტებს ნაწამებ, დასახიჩრებულ პატიმრებს ვინ აჩვენებდა?!

ნანა კაკაბაძე: უკრაინელ ჟურნალისტებს ნაწამებ, დასახიჩრებულ პატიმრებს ვინ აჩვენებდა?!

23 ნოემბერს პრეზიდენტი უკვე მერამდენედ იწყალებს პატიმრებს. წელსაც, ისევე, როგორც წლების მანძილზე ყველაფერი მეორდება - უამრავ ადამიანს იჭერენ და შემდეგ მათ ნაწილს გათავისუფლების მოლოდინის რეჟიმში ამყოფებენ. ყველაფერი ისევ და ისევ პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. უკვე მერამდენედ გზავნის საპატრიარქოც შესაწყალებელთა სიებს, მაგრამ საპატრიარქოს რჩეულთა გათავისუფლება რატომღაც ყოვნდება. არადა, საწყენია, რომ დაპატიმრეულთა შორის არიან უმნიშვნელო დანაშაულისთვის ბრალდებულნი, მათ შორის, ერეკლე დეისაძის მკრეხელურ წიგნს შეწირული ახალგაზრდებიც, რომლებმაც, სხვათაშორის, საკუთარი განაჩენის მოსმენისას იგალობეს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. თუ 2004 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე 164 პატიმარი მოდიოდა, 2007 წლისთვის უკვე 418-ს მიაღწია, 2010 წლისთვის კი 602-მდე ავიდა. ამასთან, ციხის ადმინისტრაციის ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად გარდაცვლილ მსჯავრდებულთა რაოდენობამ სამნიშნა ციფრს მიაღწია. ამის გამო საერთაშორისო რეაგირებისგან თავდაცვის მიზნით ხელისუფლებამ საგანგაშო ციფრების შემცირების მარტივი მექანიზმი მოიფიქრა: გარდაცვალების პირას მიყვანილი პატიმრები ქალაქის საავადმყოფოებში გადაჰყავდათ, ვითომდა მკურნალობას უტარებდნენ და გარდაცვალების შემდეგ ისინი უკვე ეწერებოდნენ არა პენიტენციალურ სისტემას (სადაც ისინი რეალურად მიჰყავდათ სიკვდილის პირამდე), არამედ ქალაქის საავადმყოფოებს.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს დღევანდელ პირობებში ყველაზე უარესად ის ფაქტი მიაჩნია, რომ პატიმარს საერთოდ დაუკარგეს საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლის მოტივაცია. ციხეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით Presage.tv ესაუბრა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს.

23 ნოემბერს შეწყალება მზადდება. რეალურად, რა მდგომარეობაა საპატიმროებში?

- ძალიან ბევრს ლაპარაკობს დღევანდელი მინისტრი, ქალბატონი კალმახელიძე, რომ ციხეებში რეფორმა გატარდა. როდესაც რეფორმაზეა საუბარი, ის დადებითი ცვლილებები უნდა წარმოვიდგინოთ, რომელიც ამ რეფორმას შედეგად მოჰყვა, თორემ რეფორმა სტალინმაც გაატარა თავის დროზე. სინამდვილეში, ერთადერთი დადებითი, რაც ამ რეფორმის შედეგად მივიღეთ, ეს გარეგნული, ვიზუალური ეფექტია, რომელიც რიგ საპატიმროებთან მიმართებით შეიძლება შევნიშნოთ. ახალი შენობები აშენდა, შეიღება. ვიზუალური ეფექტი სახეზეა.

თუმცა პატიმრის წამებით გარდაცვალების შემთხვევები კვლავ ძალაშია. ამას წინათ გარდაცვლილი მურმან კალანდიას ნეშტი პროტესტის ნიშნად ჭირისუფლებმა ციხის ადმინისტრაციას მიუსვენეს.

- დიახ, მთავარია, არა როგორია თვითონ ეს გალიები, ოქროსია თუ რისია, მთავარია, როგორია შიგ დამოკიდებულება. რაც შეეხება პატიმრისა და ადმინისტრაციის დამოკიდებულებას, ეს გახდა სასტიკი, ღირსების შემლახავი, წამების ტოლფასი მოპყრობა. ყველანაირი უფლებები, რაც პატიმარს გააჩნდა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, ამ ყველაფერს პატიმარი მოკლებულია. საქართველოს შიდა კანონმდებლობამ მაქსიმალურად შეზღუდა პატიმართა უფლებები და გაზარდა ადმინისტრაციის უფლებები.

ახლახანს უკრაინელ ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები და მათაც აღნიშნეს, რომ ნორმალური ვითარებაა ქართულ ციხეებში. უკრაინელი ჟურნალისტებს მოეწონათ ძვირადღირებულ ტანისამოსში გამოწყობილი პატიმრები, მათი საკნები. ასევე, უკრაინელებმა შენიშნეს ჭადრაკის თამაშში გართული პატიმრები. მოკლედ, იდეალური სიტუაცია დაანახეს.

- მათ მხოლოდ ვიზუალური ეფექტი დაათვალიერებინეს. ხომ არავინ აჩვენებდა ნაწამებ, დასახიჩრებულ, დახეიბრებულ პატიმრებს, ასეთ პატიმრებს მოხსნიდნენ და დამალავდნენ. ეს ჟურნალისტები ვერ მოახერხებდნენ სიტუაციის სიღრმისეულ  დანახვას.

მაგრამ ამით საინფორმაციო ომს ხომ მოიგებს ციხის ადმინისტრაცია?

- გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ რეალურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ. რეალობაა, რომ პატიმრები აბსოლუტურად დაუცველები არიან, მათი უფლებები უკიდურესად შეზღუდულია, არ გააჩნიათ სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. გამოძახების შემთხვევაში, ექიმებიც კი იშვიათად ნახულობენ პატიმრებს და, თუ ნახულობენ, ეუბნებიან, რისთვის გვეძახით, ჩვენ წამალი მაინც არ გვაქვს, რომ გიმკურნალოთ და ჩვენი დანახვისთვის გვეძახითო?

ზოგიერთ პატიმარს ნორმალურად ექცევიან, ზოგიერთი შემთხვევა კი ლეტალურად მთავრდება. როგორ ხდება პატიმრების გამორჩევა, მარტო ციხის ადმინისტრაციისადმი მორჩილების ნიშნით?

- ისეთ პატიმრებზე, რომლებზეც არის ეჭვი, რომ ისინი გაახმაურებენ მომხდარს ევროსაბჭოში, თუნდაც ადგილობრივ მედიაში, ასეთი პატიმრების მიმართ უფრო ნაკლებია ძალადობით მოპყრობის ფაქტები. თუმცა გვაქვს საპირსპიროც. ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა, თუნდაც ნადიმ ცეცხლაძის ფაქტი, გორელი ბიჭის კახაბერ თედლიაშვლის შემთხვევა, როდესაც იგი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პირდაპირ წერდა, მე მიპირებენ მოკვლას, მე მცემენ, მაწამებენ, მიშველეთო, წერდა პროკურატურას, შსს-ს, ყველას, ვინც კი უნდა დაინტერესებულიყო და ვალდებული იყო, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. კონკრეტულ დღესაც კი უთითებდა, შაბათს მე მაწამებენ, შაბათ-კვირას მომკლავენ.

ასეთი ზუსტი თარიღი საიდან იცოდა?

- ეუბნებოდნენ, რომ მაშინ, როდესაც ნაკლები მეთვალყურე იქნება, შენ მოგკლავთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ, მისმა ადვოკატმა რამდენიმე პრესკონფერენცია ჩაატარა, მაგრამ ეს ადამიანი მაინც მოკლეს. თუმცა არის სხვა ფაქტებიც, განსაკუთრებით თუ პიროვნება პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, მის მიმართ ძალადობას ერიდებიან, რადგან არ იციან, როდის ჩამოვლენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და როდის მოისურვებენ პატიმრის ნახვას. არის ასეთი ორგანიზაციები, წამების საწინააღმდეგო და ა.შ. რომლებიც ძირითადად მაინც გახმაურებულ პატიმრებს აკითხავენ.

ანუ გახმიანება ზოგ შემთხვევაში ერთგვარი პრევენციაა?

- რა თქმა უნდა, პრევენციაა, მაგრამ, პატიმრები ვერ გრძნობენ თავის თავზე, რომ გახმაურება პრევენციაა, რადგან პარალელურად ხელისუფლება იმის დემონსტრირებასაც ახდენს, თუ გაახმაურებ, მოგკლავთო. რამდენიმე პატიმარი სამაგალითოდ სწორედ ამიტომ დასაჯეს, სხვა პატიმრებისთვის ეჩვენებინათ, რომ გახმაურებას შედეგად სიკვდილი მოჰყვა. ამიტომ პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა გახმაურებას ერიდება და ფიქრობს, ვაითუ, მომკლან, როგორც მოკლეს თეთრაძე, ნადიმ ცეცხლაძე, მურმან კალანდია, კახაბერ თედლიაშვილი, უამრავი სხვა პატიმარი, რომელიც ამას ღიად და ხმამაღლა აცხადებდა და ისინი სამაგალითოდ მოკლეს.