იმ დროს როდესაც სააკაშვილი ქუთაისის მახლობლად კოპიტნარის აეროპორტის ძველ კედელს ანგრევდა და ახალი აეროპორტის აშენების დაწყებას აღნიშნავდა, საქართველოს მფრინავთა ასოციაცია გაეროს ოფისთან საპროტესტო აქციას მართავდა. ერთი სიტყვით, ქართული ავიაციის ამბებმა ციდან მიწაზე გადმოინაცვლა.
საქართველოს პრეზიდენტმა კოპიტნარის აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გახსნა. აეროპორტის მშენებლობას რამდენიმე კომპანია უზრუნველყოფს. პროექტი კი ჰოლანდიურ კომპანიას ეკუთვნის. ასაფრენი ბილიკი 2 კილომეტრისა და 600 მეტრი სიგრძის იქნება. სააკაშვილმა, სიმბოლურად, აეროპორტის ძველი შენობის კედელიც დაანგრია.
პრეზიდენტის განცხადებით, აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება და ქუთაისს თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი ექნება, საიდანაც საერთაშორისო რეისები შესრულდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ოპერირებს თურქული კომპანია “ტავი” და ფასები საკმაოდ მოუქნილია.
ამიტომაც მისი აზრით, ქუთაისის აეროპორტის გახსნა ბილეთების ფასებს გააიაფებს. “მთავარი მიზანია, იყოს დაბალი ტარიფები, რათა დაბალბიუჯეტიანი კომპანიები შემოვიყვანოთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ოპერირებს თურქული კომპანია “ტავი” და ფასები საკმაოდ მოუქნელია. იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტში მომსახურება მაღალია, ბილეთის ფასიც უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს. ამის გამო, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს შემოსვლა უჭირთ. როცა ეს აეროპორტი გაიხსნება, თბილისის აეროპორტს მოუწევს ტარიფების დაწევა, რომ ხალხმა იფრინოს იაფად”, - განაცხადა სააკაშვილმა.
“დღეს ვიწყებთ კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ქუთაისს ნამდვილი საერთაშორისო აეროპორტი უნდა ჰქონდეს. ქუთაისის უნდა ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, საიდანაც ყოველთვის იფრენენ თვითმფრინავები მიუნხენში. ამ აეროპორტიდან შესრულდება რეისები ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-ლონდონი, ქუთაისი-სტამბული, ქუთაისი-შანხაი, უახლოეს წლებში - ქუთაისი-ნიუ იორკი. ჩვენი მთავარი მიზანია, შემოვიყვანოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები”, - მთლად ოცნებებში წავიდა პრეზიდენტი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რამდენიმე კომპანია იმუშავებს, თუმცა ცნობილია, რომ რეაბილიტაციის პროექტი ჰოლანდიურმა კომპანია “ა სტუდიომ” განახორციელა. კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
საქართველოს მთავრობა კოპიტნარის აეროპორტის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მისი გასხვისება გადაიფიქრა. “ქუთაისის აეროპორტი” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომელიც ქუთაისიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი მოიცავს 35,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და 2 300 კვ_მ.შენობის ფართს. აეროპორტის ამჟამინდელი გადაზიდვის ტევადობა საათში 200 მგზავრს შეადგენს. აეროპორტი, ყოველგვარი სეზონური შეფერხების გარეშე, 24 საათის განმავლობაში ფუნქციობს.
თუკი ქუთასის აეროპორტს აშენებას საშველი დაადგა ხომ კარგი, მაგრამ ეს საერთოდაც ვერ დაარეგულირებს იმ პრობლემას, რომელიც ქართულ ავიაციაში არსებობს და რომლის შესახებაც უკვე წლებია გრძელდება საუბარი და საპროტესტო გამოსვლები. საქმე ეხება მფრინავების უფლებებს და შრომის პირობებს.
რადგანაც ამ საკითხების გადაწვეტას საშველი ვერაფრით დაადგა, გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერით საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წარმომადგენელთა მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაეროს და იკაო-ს მხარდაჭერისა და საქართველოს ავიაციაში არსებული მგომარეობის დაგმობისკენ მოუწოდეს.
“საქართველოს ავიაციაში სრული ქაოსია. უსაფრთხოება არ არის დაცული, რაც მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ეს საქართველოს ავიაციის მიმართ იკაო-ს 113 შენიშვნითაც დასტურდება. შექმნილი მდგომარეობა ავიაციაში მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულად დანიშნვითაა გამოწვეული.
აღსანიშნავია, ის მძიმე სოციალური პირობები, რომელიც ვეტერან მფრინავებს გააჩნიათ. მოგეხსენებათ, მფრინავები დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მუშაობენ, რაც, თავის მხრივ, მათ ჯამრთელობაზე აისახება, 100-ლარიანი საპენსიო პაკეტი კი მათი ჯამრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად გამოკლევებს და მკურნალობას არ ჰყოფნის. სწორედ გაუსაძლისი პირობების გამო ბოლო ხანებში 8 ვეტერანი მფრინავი გარდაიცვალა, ერთ-ერთმა კი, კერძოდ, ედიკ ტელიევმა თავი ჩამოიხრჩო”, - განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ჯერჯერობით ხელისუფლება აეროპორტების აშენება-გარემონტებით არის დაკავებული და მფრინავებისთვის ვერ იცლის. როდესაც მოიცლის, ოცნების კოშკების აშენებას არც მათთვის დაიშურებს.
1516
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85