პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ კრიმინალი?

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ კრიმინალი?

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 22 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, რევაზ ხულორდავას აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რევაზ ხულორდავა მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მიმართ მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი ხულორდავას 7 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული დანაშაულში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ ხულორდავას თანაფრაქციელები და ოპოზიციური პარტიების სხვა წევრებიც.  

ინციდენტი, რომელიც რევაზ ხულორდავას დაპატიმრების საფუძველი გახდა, 15 სექტემბერს სენაკში, სოხუმიდან დევნილი მერაბ ბერულავას ოჯახში მოხდა. სტუმრებს შორის ერთ-ერთი სენაკელი ლეიბორისტი და ხულორდავას მეგობარი რობერტ შალამბერიძე იყო, რომელიც სუფრაზე დაწყებული შელაპარაკების დეტალებს presage.tv-სთან ყვება.

რობერტ შალამბერიძე: „მე, რევაზ ხულორდავა, დავით მგალობლიშვილი, ზურაბ წულუკიძე და ზურაბ პაპავა ბერულავების ოჯახს საკუთარი პურ-მარილით ვეწვიეთ. შუა მოლხენისას პაპავასა და წულუკიძეს შორის სიტყვიერი შეურაცყოფა მოხდა. მე და რევაზი ჩავერიეთ და მეგობრების დაშოშმინება ვცადეთ. თითქოს ყველაფერი მშვიდად გაგრძელდა, მაგრამ სუფრასთან სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ოთახში ორი უცხო პირი შემოვიდა. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი ბერულავას სიძე, თემურ ლუტიძე აღმოჩნდა.

ლუტიძემ როგორც კი ჩვენი შექეიფებული მდგომარეობა ნახა, ხმამაღლა გვითხრა, თქვენი სიმთვრალის ყურება არ შემიძლია და დროზე აქედან ჩქარაო. ერთი სიტყვით ოჯახიდან გაგვყარა. მიუხედავად ამისა, მე და რევაზი ზრდილობიანად დავემშვიდობეთ და წამოვედით. მეორე დღეს გავიგეთ, რომ სუფრის ერთ-ერთი წევრი, დავით მგალობლიშვილი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მე და ხულორდავამ მივაკითხეთ დაჭრილს. აღმოჩნდა, რომ მას მუცლის არეში ჰქონდა დანით მიყენებული ჭრილობა. გამოჯანმრთელება ვუსურვეთ მგალობლიშვილს და წამოვედით. შემდეგ ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს დანაშაული რევაზ ხულორდავამ ჩაიდინა“.

პოლიციის მხრიდან დევნასა და შანტაჟზე საუბრობს ხულორდავას მეუღლე ლია ხორავაც. ის ამბობს რომ სენაკის პოლიციის თანამშრომლები სხვადასხვა მიზეზით მის ოჯახში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ. 26 მაისის ღამეს კი მისი მეუღლის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდნენ, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

ლია ხორავა:  „თვალთვალი და დევნა ჩემი ოჯახისთვის უცხო არ არის. პოლიცია ამ ინციდენტის შემდეგ, 16 სექტემბერს მოვიდა. რევაზი სახლში არ იმყოფებოდა. პოლიციის თანამშრმლებმა მომატყუეს და იმის ნაცვლად, თითქოს მეუღლის არ ყოფნას ხელმოწერით ვუდასტურებდი, თურმე ჩხრეკის ორდერზე მომაწერინეს ხელი. ჩხრეკის შემდეგ ჩვენს სახლში არ დაუტოვებიათ არც ერთი სამზარეულო დანა. მამის ნაქონი ხანჯალიც კი წაიღეს. იმავე დღეს მეორედ მოვიდნენ. სანამ ჩემს მეუღლეს წაიყვანდნენ, პოლიციის გამომძიებელმა მითხრა, ხულორდავა ადამიანის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილიო. 

18 სექტემბერს სენაკის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 30 დღიანი სახდელი მიუსაჯა. შეთითხნილი ოქმის მიხედვით, ჩემი ქმარი თურმე იგინებოდა, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. შემდეგ გავარკვიე, რომ რევაზთან ვინმეს დაჭრის თაობაზე კითხვა საერთოდ არ დაუსვამთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციას ჩემი ქმრის წინააღმდეგ არავითარი სამხილი არ გააჩნდა. მას არც დაზარალებული მგალობლიშვილი ამხელდა. არც კი ვიცით, რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი. არსებობს ვერსია, რომ მგალობლიშვილი მასპინძლის სიძემ, თემურ ლუტიძემ დაჭრა. ამ საქმესთან დაკავშირებით არც ლუტიძე და არც მასთან ერთად მყოფი პირი დაკითხული არ არის. ამბობენ იმასაც, რომ დამნაშავემ თავი აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა.

დარწმუნებული ვარ, ასეთი უსამართლობა ჩემი ქმრის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. აბა, წარმოიდგინეთ, მომხდარი დანაშაულიდან 2 თვის შემდეგ რატომ გაახსენდათ რევაზი? იგი ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაომარი ჯარისკაცია. მან ყველაზე კარგად იცის სიცოცხლის ფასი და ასეთ დანაშაულს არასოდეს ჩაიდენს.“

რევაზ ხულორდავას პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე საუბრობს მამუკა ბაბილუა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის წევრია. „რამდენიმე დღის წინ, როცა საკრებულოში სამართალდამცავი სტუქტურების ბალანსზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხი განიხილებოდა, რევაზ ხულორდავამ პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა და განაცხადა, იმ პოლიციას, რომელიც უკანონოდ იჭერს ხალხს მე ვერ გავაძლიერებ, ამის უფლება არ მაქვსო. იქვე მუნიციპალიტეტში არსებული ის სოციალური პრობლემები დაასახელა, რომელსაც ხელისუფლება პრიორიტეტულად არ მიიჩნევს. ამორალურიც არის, მშიერი და ავადმყოფი ხალხი გყავდეს, პოლიციას კი „პიკაპებისა“ და საწვავის რაოდენობა გაუზარდო. იმ დღეს საკრებულოს უმრავლესობამ ერთი ხელის აწევითა თუ მოსმით, პოლიციას 110 ათასი ლარი უფეშქაშა. ამის შემდეგ მის მიმართ მუქარები გახშირდა. ეუბნებოდნენ, „დროშების ფრიალს თავი გაანებე, თორემ ნარზე ჯდომა დიდხანს მოგიწევსო.“ მთავარი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში რევაზ ხულორდავას ხელისუფლებამ არ აპატია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სენაკში დაწყებული ხელმოწერების შეგროვება გახდა. ამ ღონისძიების ინიციატორი სწორედ ხულორდავა გახლდათ“. - აცხადებს ბაბილუა.

რევაზ ხულორდავას ადვოკატი, გიორგი სამუშია მოსამართლე ირაკლი აბშილავას იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მან პროკორატურის მოთხოვნა პატიმრობის შერჩევასთან დაკავშირებით ყოველგვარი ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებების იგნორირებით დააკმაყოფილა. „პარადოქსი იყო ის ფაქტი, როცა სახელმწიფო ბრალმდებელმა აღმკვეთი ღონისძიების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია ის, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას. საინტერესოა, როგორ და სად მოახერხებდა მიმალვას ხულორდავა, როცა იგი ადმინისტრაციულ სახდელს მათსავე დაწესებულებაში იხდიდა“.-განაცხადა სამუშიამ.

რევაზ ხულორდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 23 დეკემბრის 15 საათისათვის ჩაინიშნა.