საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ტერმინი "საზღვრის გადმოწევა". როგორც მიხეილ საააკაშვილმა დღეს სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა, ეს არ არის საზღვარი, ეს არის საოკუპაციო, უკანონო ხაზი.
"ჩემი წინადადება მთავრობის მიმართ არის ის, რომ დღეს კი არ უნდა ვექიშპებოდეთ ამ თემებზე ერთმანეთს, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ თემაზე, ჩვენ არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს არაფერი არ არის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და საშიში თემაა, მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. პირველ რიგში ძალიან კარგად დავუკვირდეთ ჩვენს რიტორიკას და გამოვრიცხოთ ერთმანეთზე გადაბრალება იმისა, რაც ხდება. უნდა დავუკვირდეთ ჩვენს ტერმინებს. მე გუშინ მთავრობის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სულ მესმოდა ასეთი ტერმინი - საზღვრის გადმოწევა, ეს არ არის საზღვარი, ეს არის საოკუპაციო, უკანონო ხაზი, ეს ტერმინოლოგია უნდა ავითვისოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, განცხადებებში უნდა რჩებოდეს სიტყვა ოკუპაცია, რადგან იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო ნაკლებად ისმის საქართველოს მთავრობის გამონათქვამებში ოკუპაცია, ასევე, სულ უფრო ნაკლებად ისმის ბოლო კვირეებში და თვეებში ეს სიტყვა დასავლელი პარტნიორების რიტორიკაში.
"ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ ბევრ ასპექტს ჩვენი საშინაო პოლიტიკის, რადგან ჩვენი საშინაო პოლიტიკა, სამწუხაროდ, იწვევს იმ კრიტიკულ რეაქციას, რომ საქართველო სულ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა", - დასძინა სააკაშვილმა.