დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარი და 50 თეთრი განისაზღვრა

დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარი და 50 თეთრი განისაზღვრა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების ახალი მოსაკრებელი დაამტკიცეს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარი და 50 თეთრი განისაზღვრა. 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქებიისთვის კი ტარიფი 2 ლარით განისაზღვრა. ოჯახში სულთა მაქსიმალური რაოდენობა კი 4 სულით განისაზღვრა. ამასთან, მერიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან გათავისუფლდება. 

გადასახადის ოდენობის დამტკიცებამდე სხდომაზე გაკეთდა განცხადებები როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციონერი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, ახალი ტარიფი გაზრდის მოსახლეობისა და საზოგადოების უკმაყოფილებას და კარგი იქნებოდა და შესაძლებელიც, რომ დასუფთავების ტარიფი 2,50 ლარზე ნაკლები ყოფილიყო.

ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კუკავამ, თუმცა, კონკრეტული ციფრი, თუ რამდენით შეიძლება განსაზღვრულიყო დასუფთავების მოსაკრებელი, არც მან დაასახელა. კახა კუკავამ ითხოვა საკითხის გადადება და დღის წესრიგიდან ამოღება. ის გამოვიდა ინიციატივით, რომ საკრებულოში მიიწვიონ ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და ამ საკითხის განხილვა უშუალოდ მათთან მომხდარიყო. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ამ ტარიფით არაფერი შეიცვლება და ეს არის კორუფციული შეთანხმება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძარაობას" შორის. კახა კუკავას განცხადებით, რეალურად გამოდის, რომ მოსახლეობისთვის დასუფთავების გადასახადი დარჩება იგივე ან უფრო მეტი.

უმრავლესობის წევრმა კოკი იონათამიშვილმა კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება ვერ მოხდებოდა, რადგან დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოსაკრებლის გამიჯვნის შესახებ კანონი ძალაში უნდა შევიდეს ხვალიდან. მისივე თქმით, დღეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო კანონი მიღებული, თუმცა შესაძლებელია, საკითხზე კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდეს.