"მთავრობა დაადგენს იმ ქვეყნების სიას, თუ ვის შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოვიდეს"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "მთავრობა დაადგენს იმ ქვეყნების სიას, თუ ვის შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოვიდეს".

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროში გამართული მიგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელშიც 12 სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

მინისტრის თქმით, რომელიც ამავდროულად მიგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, დღეს 12-მა სამინისტრომ ამ სხდომაზე მთავრობაზე გასატან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მიგრაციის სფეროში ახალ პოლიტიკას ქმნის.

"ჩვენ საბოლოოდ შევჯერდით იმ კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც საქართველოში უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას ეხება. სიახლეა ის, რომ საქართველოს სამიგრაციო პოლიტიკა აქამდე არ ჰქონდა. დღეს ჩვენ იმ ეპოქაში გადავდივართ, სადაც საქართველოს აღნიშნული პოლიტიკა ექნება, უცხოელებთან მიმართებასა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მიდგომები მკაფიო იქნება, როდესაც ისინი საქართველოში ამა თუ იმ მიზნით შემოდიან და აქ სხვადასხვა მიზნით რჩებიან. ასევე ვიზების კატეგორიები იქნება გადახედილი, შეცვლილი, შინაარსობრივად გააზრებული და რაც ყველაზე მთავარია, გადახედილი იქნება ლიბერალური სავიზო რეჟიმი, რაც აქამდე საქართველოს ჰქონდა. სხვადასხვა ქვეყნებთან შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის მიდგომები შეირჩეს. ის სია, რაც აქამდე კანონში იყო გაწერილი, იქნება უკვე არა კანონის რეგულირების სფერო, არამედ მთავრობა დაადგენს იმ ქვეყნების სიას, თუ ვის შეუძლია უვიზოდ შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ თითონ საკანონმდებლო ჩარჩი იქნება უფრო ეროვნულ ინტერესებსა და იმ ინტერესებზე მორგებული, რომელიც შრომის ბაზარს და თუნდაც უცხოელებისა და ქართველების სამეწარმეო საქმიანობას დაიცავს", - განაცხადა წულუკიანმა.