თეა წულუკიანი:   საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება

თეა წულუკიანი: საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება

საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე 12 სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტთა პაკეტი, რაც საქრათველოში უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას ეხება.

სახელმწიფო უწყებებმა იმ რეგულაციებზე იმსჯელეს, რომლებსაც კანონის ახალი ვერსია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აქამდე საქართველოს საემიგრაციო პოლიტიკა არ ჰქონდა და ამიერიდან ქვეყანა გადადის ეპოქაზე, რომელშიც მიგრაციის პოლიტიკა ექნება. 

"ჩვენ გვექნება მკაფიო მიდგომა უცხოელებისადმი და მათი სამართლებრივი მდგომარეობისადმი, როდესაც ისინი შემოდიან და სხვადასხვა მიზნით რჩებიან საქართველოში. გადაიხედება ვიზების კატეგორიები, განახლდება, შეიცვლება და შინაარსობრივად ხელახლა იქნება გადააზრებული. გადაიხედება ლიბერალური სავიზო რეჟიმიც, რაც აქამდე ჰქონდა საქრათველოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სხავადსხვა ქვეყნისადმი სხვადასხვა მიდგომა შეიძლება შეირჩეს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, თუ აქამდე კანონი არეგულირებდა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ, ამიერიდან ამ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

"საკანონმდებლო ჩარჩო იქნება უფრო ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესზე მორგებული. იგი დაიცავს ასევე შრომის ბაზარს და როგორც უცხოელების, ასევე ქართველების სამეწარმეო საქმიანობას საქრათველოში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შს საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.