პარლამენტის 40-მდე დეპუტატს ხელფასის დაქვითვა ემუქრება

პარლამენტის 40-მდე დეპუტატს ხელფასის დაქვითვა ემუქრება

მაისის თვის განმავლობაში პარლამენტის სხდომები, სავარაუდოდ, არასაპატიო მიზეზით, 40-მა დეპუტატმა გააცდინა. მათ ხელფასის 10%-ით დაქვითვა ემუქრებათ, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, თუმცა მანამდე გაცდენების მიზეზებს ფრაქციების აპარატები დაადგენს. 

გამცდენი დეპუტატების 40-კაციან სიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განცხადება პლენარული სხდომის ბოლოს გააკეთა. პარლამენტის სპიკერს დეპუტატთა სია არ წაუკითხავს, თუმცა აღნიშნა, რომ გამცდენთა შორის არიან როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგნლები. მათგან ზოგს ორი-სამი, ზოგსაც შვიდი გაცდენა აქვს.

უსუფაშვილს დღეს ისიც მოუხდა, საკუთარი კოლეგებისთვის აეხსნა და მათთვის რეგლამენტის ის მუხლები განემარტა, რომელიც სხდომების გაცდენის საკითხს არეგულირებს და სანქციებს განსაზღვრავს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც არის პრობლემები".

"თუ ჩვენ თავად არ დავიცავით ჩვენს მიმართ დაწესებულ წესებს, მაშინ ჩვენს მიერ სხვისთვის დადგენილ წესებს ნაკლები ფასი ექნება", - მიმართა მან კოლეგებს.

უსუფაშვილმა დღევანდელ სესიაზე განმარტა, რომ პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად ჩაეთვლება, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე უარს, პოლიტიკური შეხედულებების გამო აცხადებს, თუმცა ამის თაობაზე წერილობითი განცხადება უნდა წარედგინოს სხდომის თავმჯდომარეს, ან გაკეთდეს ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

უსუფაშვილმა პარლამენტის წევრებს დღეს ისიც აუხსნა, რომ მათ მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.

უსუფაშვილმა კოლეგებს სპიკერატიდან, მათ არასაპატიო გაცდენებთან დაკავშირებით მოქმედ სანქციაზეც წაუკითხა რეგლამენტის შესაბამისი მუხლი და განაცხადა, რომ თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 40 გამცდენ დეპუტატთან დაკავშირებული დოკუმენტი ყველა ფრაქციის აპარატს გადაეცემა. უსუფაშვილი 8 ივნისამდე ელის წერილობით დოკუმენტს, თუ რაიმე არასწორად არის აღიცხული და შეჯამებული. ამის შემდეგ მიღებული იქნება კანონით დადგენილი ზომები.