"ერთი თვის წინ საოკუპაციო ხაზი 200 მეტრით სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზეც გადმოწიეს"

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" თავმჯდომარის ალუდა მახარიას განცხადებით, "ერთი თვის წინ საოკუპაციო ხაზი 200 მეტრით სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზეც გადმოწიეს".

ამის შესახებ მახარიამ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომლის მუშაობაშიც ასოციაცია "საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

"საზღვრის გადმოწევას ყოველდღიურად აქვს ადგილი, ჩვენ ერთი თვის წინაც აღვნიშნეთ, როცა სენაგურის ბლოკპოსტი 200 მეტრით გადმოწიეს პერევის მიმართულებით. ამ ბოლო დღეებში იგივე ხდება დიცში და არ ვართ გარანტირებულები, რომ სხვა მონაკვეთებშიც იგივე არ მოხდება. ირღვევა ადამიანის უფლებები როგორც ოსურ და აფხაზურ მხარეს, ასევე ქართულ მხარეს და ამას უნდა საზოგადოების მხრიდან ხმის ამაღლება უნდა", - განაცხადა მახარიამ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი სწორედ თემა საჩხერის რაიონის სოფელ პერევთან, ე.წ. საზღვრის გასწვრივ არსებული ვითარება იყო.

სხდომაზე გაიმართა დისკუსია იმ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის გამო ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეპუტატებს გააცნეს ასევე ის პროექტები, რომლებსაც ისინი საერთაშორისო ორგანოიზაციების მხარდაჭერით ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებთან ახორციელებენ.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის მეორე ნაწილი დახურულ რეჟიმში გაიმართა.